საზოგადოებასაქართველო

„თქვენ მოწმობთ სამყაროსადმი ქრისტეს სიყვარულს და იბრძვით ქართველი ხალხის სასიკეთოდ“ – დღეს ილია მეორე 90 წლის გახდა

რომის პაპი ფრანცისკე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების 45-ე წლისთავთან დაკავშირებით და 90-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯანმრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე.

მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენ შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე“. [ფილიპე 1:6]. მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ სამყაროსადმი მის სიყვარულს და იბრძვით სამწყსოსა და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

გთხოვთ, იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!

ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“, – ნათქვამია პაპ ფრანცისკეს წერილში.

ილია მეორეს პირველმა იუბილე მიულოცა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა, აგრეთვე, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ.

ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა ორჯონიკიძეში, ჩრდილოეთ ოსეთში, რსფსრ-ში).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო გალაკონცერტი დღეს საღამოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. კონცერტი 20:30 საათიდან საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close