საბერძნეთის ჯერიც დადგა – უკრაინის საელჩომ ათენში „სისხლიანი გზავნილი“ მიიღო
დიპლომატების დაშინება გრძელდება – ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად „სისხლიანი გზავნილი“ მკვდარი ცხოველების თვალებით საბერძნეთში მდებარე უკრაინის საელჩომაც მიიღო. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ გაავრცელა.
გზავნილი საელჩოში 12 დეკემბერს, დილით მიიღეს. ის უკრაინელი დიპლომატიური მისიებისთვის გაგზავნილი 28-ე მსგავსი ტიპის პაკეტია.
„მისამართი პაკეტზე იგივეა, რაც ადრე მიღებულ სხვა მსგავს პაკეტებზე – Tesla-ს ავტოსალონი გერმანიის ქალაქ Sindelfingen-ში. საბერძნეთის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება, ველოდებით, რომ გამოძიებიას გერმანელი სამართალდამცველებიც დააჩქარებენ“, – განაცხადა ნიკოლენკომ.
მთლიანობაში ბოლო პერიოდში უკრაინელი დიპლომატების მიმართ მუქარის 33 შემთხვევას ჰქონდა ადგილი17 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩომ მიიღო საეჭვო პაკეტი, რომლის გახსნისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
საეჭვო გზავნილები მიიღო კიდევ რამდენიმე ადრესატმა ესპანეთში, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე უკრაინის საელჩოებმა (უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიისა და იტალიაში). ბოლოს საეჭვო გზავნილების შესახებ დანიასა და რუმინეთში განაცხადეს. პაკეტები სპეციფიკური ფერისა და სუნის მქონე სითხით იყო გაჟღენთილი და მათში მკვდარი ცხოველების თვალები იდო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები