ამინდისაბერძნეთი

საბერძნეთში შობის წინ სიცხეს ელოდებიან – მეტეოროლოგები იშვიათ მოვლენაზე საუბრობენ

იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენაა მოსალოდნელი საბერძნეთში – შობის წინ ჰაერის ტემპერატურა +26-მდე აიწევს! ასეთი რამ ბოლო 60 წლის განმავლობაში, 1963 წლიდან მხოლოდ 3-ჯერ მოხდა.

როგორც ათენის ობსერვატორიის სინოპტიკოსი, meteo.gr-ს კვლევების დირექტორი კოსტას ლაგუვარდისი iefimerida.gr-სთან განმარტავს, ხვალ (13 დეკემბერი) ტემპერატურის ხანმოკლე ვარდნის შემდეგ, „ოთხშაბათიდან მომავალ ორშაბათამდე, 19 დეკემბრამდე მაღალი ტემპერატურის პერიოდი დადგება“.

ეს არის „სითბური შემოჭრა“, რომელიც დაფარავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს, განსაკუთრებით – სამხრეთ იტალიას და მთელ ბალკანეთს.

სინოპტიკოსის თქმით, „ბოლო ათწლეულში დეკემბრის მეორე ნახევარში საშუალო ტემპერატურა ათენში +15°C იყო, კრეტაზე +16,5°C, ხოლო თესალონიკში +11°C“, უახლოეს დღეებში კი „კრეტაზე +25-დან +26°C-მდე ტემპერატურაა მოსალოდნელი“. მეტეოროლოგი ამბობს, რომ მათი შეფასებით, ათენში ტემპერატურა ნორმაზე 5-6 გრადუსით მეტი იქნება, ხოლო თესალონიკში – 6-7 გრადუსით მეტი.

„ამავდროულად, ამ პერიოდში არ არის მოსალოდნელი წვიმა, გარდა დღევანდელი და ხვალინდელი დღისა, (12-13 დეკემბერი), ხოლო წინა დღეებში მქროლავი სამხრეთის ქარები ჩაცხრება“, – ამბობს ლაგუვარდოსი და წინა ათწლეულების მონაცემების გათვალისწინებით, ასკვნის, რომ მოსალოდნელი სითბური ტალღა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„თბილი ჰაერის მასების მსგავსი წინა შემოჭრა იმავე პერიოდისთვის 2010 წლის დეკემბრის პირველ ათწლეულში დაფიქსირდა. მაშინ ათენში ტემპერატურამ  +23°C-ს მიაღწია, ხანიაში – +29°C-ს. მეორე მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1963 წლის 20-23 დეკემბერს, როდესაც ათენში ჰაერი კვლავ +23°C-მდე გათბა. მესამე კი – 1996 წელს, როდესაც  22-იდან 24 დეკემბრის ჩათვლით ათენში +21°C და ხანიაში +28°C ტემპერატურა დაფიქსირდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება თბილი ჰაერის მასების „წლევანდელი შემოჭრა და მოხსნის თუ არა ის 2010 წლის რეკორდს, რომელიც ასევე იყო ყველაზე სერიოზული მოვლენა მეტეოროლოგიაში“, – განაცხადა ათენის ეროვნული ობსერვატორიის სინოპტიკოსმა კოსტას ლაგუვარდოსმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close