პოლიტიკასაზოგადოება

რას ნიშნავს „ZEITENWENDE“, რომელიც გერმანიაში წლის „მთავარ სიტყვად“ დაასახელეს

გასულ პარასკევს გერმანიაში „წლის სიტყვა“ გამოაცხადეს – ეს არის “Zeitenwende”, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „ეპოქების ცვლა“ ან „ახალ ეპოქაში გადასვლა“. ვისბადენში გერმანული ენის საზოგადოების ლინგვისტებმა, რომელიც ჩვეულებრივ ირჩევს ხოლმე წლის სიტყვას (ფრაზას, გამონათქვამს), წლევანდელი არჩევანის საფუძვლად დაასახელეს ის, რომ სწორედ ეს სიტყვა ისმოდა ყველაზე ხშირად გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გამოსვლებში 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ეს სიტყვა ახალი არ არის, – განმარტეს გერმანული ენის საზოგადოებაში, – მაგალითად, ის ნიშნავს ახალი წელთაღრიცხვის დაწყებას  ქრისტიანული კალენდრით, ზოგადად, ნებისმიერ გადასვლას ახალ ეპოქაში.

რუსეთის შეჭრით უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო „გარდამტეხი მომენტი“, როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა ომის დაწყებიდან  რამდენიმე დღის შემდეგ.

გერმანულმა ეკონომიკამ და ენერგეტიკულმა პოლიტიკამ ორიენტირები მთლიანად უნდა შეიცვალოს, ხოლო კრიტიკულად უნდა გაანალიზდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, როგორიცაა, მაგ.,  ჩინეთი. ამას გარდა, ბევრმა მოქალაქემ განიცადა ემოციური შოკი, შიში და შფოთვა ევროპაში ბირთვული ომის ან მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით

2022 წლის  რეიტინგში მეორე და მესამე ადგილი დაიკავა გამონათქვამებმა „ომი მშვიდობისთვის“ (“Krieg um Frieden”) და „გაზის საფასო მუხრუჭი“ (“Gaspreisbremse”).

გერმანული ენის საზოგადოება 1977 წლიდან, უკვე 45 წელია აცხადებს წლის სიტყვებსა თუ ფრაზებს. ექსპერტების აზრით, არჩევანის განმსაზღვრელ ფაქტორს არა ამა თუ იმ გამონათქვამის გამოყენების სიხშირე, არამედ მისი სოციალური მნიშვნელობა წარმოადგენს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close