იტალიაში დღეიდან ძლიერ ქარს, წვიმას და 7-მეტრიან ტალღებს ელოდებიან, ვენეციაში არსებობს „მაღალი წყლის“ საფრთხე
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2022/11/პოპეა.jpg)
იტალიის სანაპიროებამდე დღეს, 21 ნოემბერს, ღამით ძლიერი ციკლონი პოპეა მოაღწევს, რომელიც ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებს გამოიწვევს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ მეტეოროლოგები.
სანაპიროებზე ზოგ ადგილას ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს გადააჭარბებს.
ციკლონი პოპეა (Poppea), რომელიც საფრანგეთიდან მოდის, ლიგურიის ზღვის რეგიონებიდან დაიწყება. რამდენიმე საათში თავსხმა წვიმაა მოსალოდნელი სარდინიაზე, ჩრდილოეთ ლიგურიაში, ტოსკანაში, ლაციოსა და კამპანიის ნაწილში, ხვალ კი ვენეციის რიგი დადგება – ვენეციის ლაგუნაში მოსალოდნელია გრიგალი და ძლიერი წვიმა, არსებობს ე. წ. მაღალი წყლის საფრთხე.
ტემპერატურის ვარდნას აღმოსავლეთ ალპებში 700-800 მეტრის სიმაღლეზე ძლიერი თოვა მოჰყვება.
ღია სანაპიროებზე იქროლებს შტორმული ქარი და ღელვა გაძლიერდება, ზოგან ტალღების სიმაღლე 7 მეტრს მიაღწევს.
ხვალ, სამშაბათ საღამოს, კალაბრიაზე „თავდასხმის“ შემდეგ პოპეა იტალიას დატოვებს და ბალკანეთისკენ წავა. ოთხშაბათიდან მზიანი ამინდი დაბრუნდება იტალიის თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები