მედიცინა

სრულად პარალიზებულმა ადამიანებმა რევოლუციური მეთოდით მკურნალობის შემდეგ კვლავ გაიარეს

ელექტრული სტიმულირებისა და ინტენსიური ფიზიკური თერაპიის კომბინაციის გამოყენებით, ხერხემლის ქრონიკული დაზიანების მქონე ცხრა ადამიანს სიარულის უნარი დაუბრუნდა. კვლევის შედეგები, რომელიც შვეიცარიულმა კვლევითმა ჯგუფმა NeuroRestore-მა ჩაატარა, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილე 9-ვე პაციენტი ზურგის ტვინის დაზიანების გამო სრულად პარალიზებული იყო. კომბინირებული ექსპერიმენტული თერაპიის შედეგად მოხალისეებმა მყისიერად იგრძნეს გაუმჯობესება და ეს პროცესი ხუთი თვის შემდეგაც გაგრძელდა.

შვეიცარიული კვლევითი ჯგუფის, NeuroRestore-ის მიერ ჩატარებული ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა თერაპიის მიერ სტიმულირებული ნერვების ზუსტი ჯგუფი. საწყის წერტილად თაგვები გამოიყენეს.

ნერვული უჯრედები, რომლებიც სიარულს არეგულირებენ, ზურგის ტვინის ქვედა მონაკვეთში გვხვდება. ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად თავის ტვინიდან მომდინარე სიგნალთა ჯაჭვი შეიძლება შეფერხდეს და ადამიანს სიარულის უნარი წაერთვას მაშინაც კი, თუ  წელის ეს ნეირონები ხელუხლებელია.

როცა ბრძანებების მიღება აღარ შეუძლიათ, სიარულზე პასუხისმგებელი ეს ნეირონები უფუნქციო ხდებიან და ფეხების პოტენციურ პარალიზს იწვევენ.

უფრო ადრე ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ზურგის ტვინის ელექტრულ სტიმულაციას ასეთი პარალიზის უკუქცევა შეუძლია, მაგრამ უცნობი იყო, რა მექანიზმით. ამის გარკვევის მიზნით ლოზანაში შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის (EPFL) ნეირომეცნიერმა კლაუდია კათემ და მისმა კოლეგებმა ცხრა ადამიანში და სამოდელო ცხოველში გამოცადეს ტექნოლოგია – ეპიდურული ელექტროსტიმულაცია.

ამ ექსპერმენტული თერაპიის დროს ზურგის ტვინს ქირურგიულად გადანერგილი ნეიროგადამცემით ასტიმულირებდნენ. ამავე დროს, პაციენტები 5 თვის განმავლობაში კვირაში 4-5-ჯერ გადიოდნენ ინტენსიურ ნეირორეაბილიტაციას, რომელიც მოიცავდა რობოტული დამხმარე სისტემის დახმარებას, როდესაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ.

ამის შემდეგ ყველა პაციენტმა შეძლო დამხმარის საშუალებით ნაბიჯების გადადგმა.

მკვლევრების მიერ აღნიშნული კვლევისას მიღებული ახალი ინფორმაციის დახმარებით დროთა განმავლობაში შეიძლება მკურნალობის უფრო მეტი ვარიანტი შემუშავდეს და ზურგის ტვინის ყველა სხვა სახის დაზიანების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close