კინო/ფილმებისაზოგადოება

ლეგენდარულმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლიუკ გოდარმა ევთანაზიის საშუალებით დაასრულა სიცოცხლე

ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ჟან-ლიუკ გოდარი, რომელმაც ფრანგული კინოს ახალი მიმართულება – „ახალი ტალღა“ შექმნა და მთლიანად მსოფლიო კინემატოგრაფზე მოახდინა დიდი გავლენა, 13 სექტემბერს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში შვეიცარიაში, როლში (Rolle).

ფრანგული „ახალი ტალღის“ მამამ ევთანაზიის მეშვეობით დაასრულა სიცოცხლე  – ეს ფაქტი სააგენტო „ფრანს პრესს“ მისი ოჯახის ადვოკატმა დაუდასტურა.

„გოდარმა ევთანაზია აირჩია შვეიცარიაში (იგი საფრანგეთის და შვეიცარიის მოქალაქე იყო – რედ.), რადგან მრავალი პათოლოგია აწუხებდა, რომლებიც სამედიცინო დასკვნის პირობების თანახმად ინვალიდობას იწვევს“, – განმარტა პატრიკ ჟანარემ. ანალოგიური ინფორმაცია გაზეთმა Libération-მაც გამოაქვეყნა,

„იგი ავად იყო, უბრალოდ, გამოიფიტა“, – უთხრა „ლიბერასიონს“ ოჯახის მეგობარმა ანონიმურმა წყარომ, – „ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამგვარი მდგომარეობა დაესრულებინა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამის შესახებ ცნობილი გამხდარიყო“, – დასძინა მან.

რეჟისორის ცოლის, ან-მარი მევილის თქმით, „მან მშვიდად განისვენა ახლობლების გარემოცვაში“ საკუთარ სახლში, ჟენევის ტბის ნაპირას, შვეიცარიულ კომუნა როლში.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ევთანაზია კანონით ნებადართული არ არის, შვეიცარიაში კი ნებადართულია და ევთანაზიის სხვადასხვა ფორმას იყენებენ (პასიურ და აქტიურ ევთანაზიას).

ჟან-ლიუკ გოდარი ფრანგული კინოს „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ეს რევოლუციური მიმართულება ფრანგულ კინემატოგრაფში 1950-1960-იან წლებში ჩამოყალიბდა. იმ პერიოდისთვის გავრცელებული კომერციული კინოს ნაცვლად „ახალი ტალღის“ წარმომადგენლები უარს ამბობდნენ წინასწარ ადვილად გამოსაცნობ სიუჟეტზე და ხშირად მიმართავდნენ იმ დროისთვის რადიკალურ ხერხებს.

გოდარის ფილმებს შორის აღსანიშნავია „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ (1960; სხვათა შორის, ამ ფილმმა მოუტანა მსოფლიო აღიარება 26 წლის ჟან-პოლ ბელმონდოს, რომელშიც მან უზრუნველი არამზადის, მიშელ პუაკარის როლი შეასრულა), „ქალი ქალია“ (1961), „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“ (1962), „პატარა ჯარისკაცი“ (1963), „აუტსაიდერების ბანდა“ (1964) და სხვ.

ბოლო ფილმი  („ფოტოსურათების წიგნი“)  ჟან-ლუკ გოდარმა 2018 წელს გადაიღო და კანის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

2011 წელს გოდარმა „საპატიო ოსკარი“ მიიღო კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. საფრანგეთში ევთანაზიის დაკანონებაზე დაიწყეს დიალოგი. ამის შესახებ სამშაბათს, 13 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელმაც მიანიშნა, რომ თავად მხარს უჭერს ევთანაზიას განუკურნებელი დაავადებების შემთხვევაში.

2016 წელს საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ექიმებს, პაციენტს სედატიური პრეპარატები მისცენ მანამ, სანამ სიკვდილი არ დადგება, თუმცა ევთანაზია (სიცოცხლის ნებაყოფლობითი დატოვება) ამ დრომდე აკრძალულია.

როგორც ჩვენი მკითხველისთვისაა ცნობილი, ევთანაზიის გზით აპირებს სიკვდილს ლეგენდარული ალენ დელონიც.

ცნობისათვის, შვეიცარიის გარდა ევროპაში ევთანაზია კანონით ნებადართულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში (ესპანეთი ევროკავშირის მე-4 ქვეყანაა, რომელმაც ევთანაზია დაუშვა 2021 წლის მარტიდან).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close