არტისტი

ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში

ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის შვილმა ენტონი დელონმა ფრანგულ არხ RTL-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მამამისს პირობა მისცა, მასთან ერთად იყოს სიცოცხლის ბოლო წუთებში, როდესაც იგი გადაწყვეტს, რომ ევთანაზიის დრო დადგა. ამის შესახებ Lepoint.fr  წერს.

საფრანგეთის საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 86 წლის ალენ დელონი ევთანაზიის დახმარებით აპირებს სიკვდილს. მისმა უფროსმა ვაჟმა ენტონი დელონმა, რომელიც RTL-ის ტელეეთერში თავის ახალგამოცემულ  წიგნთან „ძაღლსა და მგელს შორის“ (Entre chien et loup; éd. Le Cherche midi) დაკავშირებით მიიწვიეს, ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ მამამისმა მართლაც სთხოვა მასთან ერთად იყოს სიცოცხლის ბოლო წუთებში, როდესაც იგი სიკვდილს გადაწყვეტს.

ენტონის ასეთი მძიმე მისია უკვე დაეკისრა გასული წლის იანვარში დედის – ნატალის თხოვნით, რომელსაც პანკრეასის კიბო ჰქონდა და ევთანაზიით სიკვდილი აირჩია. ნატალი დელონი 2021 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა 79 წლის ასაკში.

„დიახ, მართალია, რომ დედაჩემის გვერდით ვიყავი მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, – განაცხადა ენტონი დელონმა  RTL-თან ინტერვიუში. – დიახ, მართალია, რომ მან გადაწყვიტა სიკვდილი ისე, როგორც ცხოვრობდა, ანუ როდესაც გადაწყვიტა და ევთანაზია აირჩია… მე მასთან ვიყავი ბოლო წუთებში. საბედნიეროდ, ეს პროცედურა არ დაგვჭირდა, საბედნიეროდ იმიტომ, რომ ყველაფერი მზად იყო ამისთვის. გვყავდა ადამიანი…“ – აღნიშნა მან, თუმცა უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში ევთანაზია კანონით ჯერ დაშვებული არ არის.

ალენ და ნატალი დელონები პატარა ენტონისთან ერთად; ფოტო: ABC

„მძიმე ღამე იყო… მისი ხელი გვეჭირა და მტკივნეული იყო იმის ყურება, როგორც ტოვებდა მას სიცოცხლე. თუმცა ბოლო საათებში დამშვიდდა და მშვიდად განისვენა, – თქვა ენტონიმ. – დედამ დილის 6 საათზე გამოგვიშვა და 11-ზე უკვე აღარ იყო. მამაჩემი ძალიან ააღელვა ამან“.

თავად ალენ დელონმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში არ ეშინია, ისეთ რადიკალურ მეთოდს მიმართოს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებლად, როგორიც ევთანაზიაა.

„მე ამის მომხრე ვარ, – კიდევ ერთხელ გაიმეორა მან გასულ წელს  ტელეარხ TV5 Monde-ზე ინტერვიუს დროს, – ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შვეიცარიაში ვცხოვრობ, სადაც ევთანაზია დაშვებულია. და კიდევ – ეს ყველაზე ლოგიკურ და ბუნებრივ გამოსავლად მიმაჩნია. გარკვეული ასაკის, გარკვეული მომენტის შემდეგ ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, წავიდეთ ასე მშვიდად ყველანაირი საავადმყოფოების, ნემსების და სხვა რაღაცების გარეშე“.

მან ისიც აღიარა, რომ უკვე ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა თავის შვეიცარიელ ადვოკატებთან. „არ მინდა, რომ ჩემს შემდეგ გაურკვევლობები დარჩეს“, – თქვა დელონმა.

ენტონის რაც შეეხება, ახალგაზრდა ასაკში მას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი სახელგანთქმულ მამასთან, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

ალენ დელონმა, რომელიც 86 წლისაა, 2019 წელს ორმაგი ინსულტი გადაიტანა, თუმცა თანდათან მომჯობინდა და ჯოხის დახმარებით დამოუკიდებლადაც დადის.

„დაბერება საძაგლობაა, – განაცხადა მსახიობმა 2019 წელს, ზუსტად საავადმყოფოში მოხვედრის წინ. – ამას ვერაფერს მოუხერხებ, იმიტომ, რომ ეს – ასაკია. და მართლაც – თვალთ გაკლდება და ყველაფერი გტკივა, ფეხები გებლანდება. ეს კი, უნდა გითხრათ, სულაც არ არის სახუმარო საქმე“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close