საზოგადოებასაქართველო

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა (ვიდეო)

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.

მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. სამწუხაროდ, რვავე მგზავრი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. როგორც ვიდეოში ჩანს, ჩამოვარდნისას საფრენი აპარატი აფეთქდა.

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პარაპლანის ქართველი ინსტრუქტორი ამოყვანილია, ცოცხალია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close