საზოგადოებაქართველები უცხოეთში

„მე რომ ვერასოდეს გავხდები დედა, ქართველებო, თქვენი ბრალია, დედაშვილობა შემაძულეთ…“ – ემიგრანტი ქალის ემოციური მიმართვა

„მე რომ შვილის ყოლის სურვილი არ მაქვს, ქართველებო, თქვენი ბრალია. დედა არასოდეს გავხდები თქვენ გამო“, – საკუთარ ისტორიაზე საუბარს „პრაიმტაიმთან“ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ასე იწყებს.

ძნელია, მოუსმინო 24 წლის ლელას და შეეკამათო. უთხრა, რომ არც ისეთი სასტიკია ცხოვრება იმ ჭრილში, რომლიდანაც ის უყურებს და არც ისე მარტივია, მხოლოდ დამფინანსებლის ფუნქცია გქონდეს, როცა ოჯახის სიმძიმე მხრებზე მოიკიდე და მსუბუქ ჩემოდანთან ერთად, ათასობით კილომეტრი შენივე ოჯახის წევრების გამო გაიარე…

როცა მონატრებისა და მარტოსულობისგან არაერთი ღამე თეთრად, ცრემლებით გაათენე… როცა ხელფასის დღეს მხოლოდ იმისთვის ელოდები, რომ უახლოესი ადამიანებისგან მოჩვენებითი თბილი სიტყვები და საოცნებო მოკითხვა  გაიგონო… როცა აღარც კი გატყუებენ და თავს იტყუებ, ვითომ უანგაროდ უყვარხარ, ვითომ აინტერესებ, ვითომ… ვითომ… ვითომ ცხოვრობ, მაგრამ ემიგრაციაში არსებობ იმის იმედით, რომ თბილ ფრაზებს; „დე, მომენტარე“, „დე, მალე დაბრუნდი“ – დააფინანსებ…

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ეს სტატია ეხება მათ, ვინც მხოლოდ მაშინ იხსენებს ემიგრანტ მშობელს, როცა ხელფასის აღების დღე ახლოვდება, მერე კი, ისევ ერთი თვით გაუცხოება იწყება… მათი მაგალითი ლელასთვის იმდენად მტკივნეულია, რომ გადაწყვიტა, დედა არასოდეს გახდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ფიქრობს… რა იქნება ხვალ, არავინ იცის, მათ შორის – არც ლელამ…

„3 თვეა, რაც ათენში ჩამოვედი. 24 წლის ვარ, საქართველოში ვერაფერი გავაკეთე. ანაზღაურება ძალიან დაბალი მქონდა, მშობლებს ვერ ვეხმარებოდი კრედიტის გადახდაში, რომელიც ბინის საყიდლად ავიღეთ და მერიდებოდა.

ვიფიქრე, მეც სხვა ჩემი თანამემამულეების მსგავსად ემიგრაციაში წავალ, ოჯახსაც დავეხმარები და თანხას ჩემთვის დავაგროვებ, რათა დაბრუნების შემდეგ ბიზნესი წამოვიწყო და ცხოვრებას ვეწიო-მეთქი. ასეც მოვიქეცი. საბერძნეთში ჩემი ნათესავი დამხვდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, აქ კერძო პანსიონატი დაიხურა და ერთ ოჯახში მოხუცის მომვლელად დავსაქმდი. არ არის რთულ მდგომარეობაში და ძალიანაც არ ვწვალობ.

ბიცოლამ ნელ-ნელა თავისი თანატოლები გამაცნო. ათენში მყოფი ქართველები ცენტრში, ომონიაზე ვიკრიბებით. წესი ასეთია, ქალები ადრე დგებიან, საქართველოში გზავნილების გრძელ რიგში თავიანთ ადგილებს იკავებენ, თან ერთმანეთის ამბებს კითხულობენ და გზავნილის დამადასტურებელ ქვითრებს ოჯახების წინაშე ვალმოხდილები ამაყად ინახავენ, მერე გზად ომონიაზე ყავას სვამენ და ერთმანეთთან ურთიერთობით მომავალ კვირამდე „საზრდოს“ იღებენ. მე ჯერ ახალი ვარ, ჯერ ვერ შევისისხლხორცე ჩემი ემიგრანტობის სტატუსი, როგორც სტუმარი, ჯერ ასე გარედან ვაფასებ ყველაფერს.

სანამ ბანკის გრძელ რიგებში ჩვენი ქალები დგანან, მათი ტელეფონები არ ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კალენდარი 30 რიცხვს უჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამ მონობის კუთვნილი თანხა აიღო და შვილებს თავის მოსაწონებლად გაუგზავნის… რა თქმა უნდა, უწყვეტი ზარები საქართველოდანაა, ამდენი მინდა, დაამატე, ეგ რას გვეყოფა და ა.შ. მერე ბანკის რიგში იწყება მასესხე-ჩაგასესხებ, რათა გაზულუქებულ შვილებს აიფონების, ბრენდული ტანისამოსისა და კაფე-ბარებში დასხდომის მსუყე თანხაც დარჩეთ…

მერე, მომდევნო დღიდან წყდება ზარებიც და მშობლების მოკითხვაც. ისინიც, ჩემ მსგავსად, ახალგაზრდა გოგონები ჩამოვიდნენ და 30 რიცხვის მოლოდინში დაბერდნენ, გაჭაღარავდნენ. აქ იცით, რამდენი ქალი იტყუება, ვითომ წნევა მაღალი აქვთ და კაფეში შეკრებისას ყავას ვერ დალევენ?! ძალიანაც უნდათ, მაგრამ საკუთარი თავებისთვის 4-5 ევროს ვერ იმეტებენ.

აქ უმრავლესობა ჭაღარაა, თმის საღებავის ყიდვაც ფუფუნება ჰგონიათ, რათა ზედმეტი არ დახარჯონ… შეღებილები მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც კარგი, ხელგაშლილი ოჯახი შეხვდა. ტანსაცმელი? ბებიებისა და მათი მეზობლების გადაყრილ სამოსს იცვამენ, ამასაც ბოლომდე არ იმეტებენ და ფუთას საქართველოში გზავნიან.

იცით, რამდენჯერ გამიგონია,  – მეტი ვერ გამოგზავნე?! უფრო მეტი გვინდა… ეგ თანხა რას გვეყოფა?! ა.შ. რამდენჯერ მინახავს ატირებული დედები.

ისინი სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელ პოსტებს რომ წერენ, როგორი კარგი ოჯახები ჰყავთ და მალე საქართველოში წავლენ, სინამდვილეში გული უტირით საკუთარი უსუსურობით, მხოლოდ ბანკომატის ფუნქციითა და გაციებული შვილებით, მეუღლეებზე საუბარიც კი ზედმეტია…

აი, სწორედ ამიტომ, ამ თავდადებულ ქალებს რომ ვუყურებ და მათ უმადურ, ცივ, მოსარგებლე, უმადურ შვილებს, სწორედ ამიტომ, შვილს არასოდეს გავაჩენ, რომ ვერასოდეს გავხდები დედა, ქართველებო, ეს თქვენი ბრალია…

დედაშვილობა შემაძულეთ, ის დედაშვილობა, რომელსაც მაღალი ყანწებით ლოცავენ თქვენთან, საქართველოში…

სიცრუეში ცხოვრებას, ვითომ უსაზღვროდ საყვარელ დედას, გასაფრთხილებელ პერსონას და სინამდვილეში, ფინანსურად „გასაწეწ“ ვიღაცა ქალს, მარტო ვიყო და რეალისტი, მირჩევნია… ემიგრანტების ცხვირაბზუებული შვილები ვერ კი არა, არ ხედავენ იმ კამერიანი მაღალი ხარისხის ტელეფონებით თავიანთ დაბერებულ, ტირილისგან ჩაშავებულ-დასიებულ თვალებიან დედებს.

მათ მხოლოდ ანგარიში და ლარის ევროსთან სავალუტო მიმართების ოდენობა იციან, კიდევ ის იციან, რამდენჯერ გაიტყლარჭებიან კაფეებში შემდეგ გზავნილამდე, რა არის მოდაში და როგორ დაიბერონ ტუჩები… იციან ძვირფასი მანქანები და ის, რომ საწვავის ავზი სავსე უნდა ჰქონდეთ.

არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რა უჭირთ მათ დედებს, როგორ იკვებებიან, ძირითადად, პურით და როგორ ამბობენ ყველაფერზე უარს ზედმეტი ხარჯისგან თავის ასაცილებლად. ერთადერთი რაც არ ენანებათ, ეკლესიის სანთლების შეძენაა, რომლებსაც ისევ თავიანთ გაზულუქებულ შვილებს უნთებენ და უფალს ავედრებენ.

ხანდახან მგონია, რომ ქართველი ემიგრანტი ქალები ოჯახების მსგავსად თავად ღმერთსაც კი დაავიწყდა… აი, ამიტომ, არც შვილი მინდა და არც თავის მოტყუება“, – ამბობს ლელა

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close