ვიდეოპოლიტიკასაქართველო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებენ (ვიდეო)

„დიდი მადლობა, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი... საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი მიკრობლოგ ტვიტერში საქართველოსთან გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

„დადგა დრო, როდესაც საქართველო უნდა დავტოვოთ  ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ. დიდად მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან, იმ ადამიანებისგან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საქართველო!, – ამბობს ქალბატონი მეტე ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აგრეთვე, მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, რადგან საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების მხრებზე, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის იბრძოლეს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„ალბათ თქვენც იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა მეგობარმაც, თუმცა შეუძლებელია, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო ოფიციალურად აღიარა პოტენციურ მომავალ წევრად. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მარტო იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, უკან დახევას რომ არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა.

საქართველოც მონაწილეობდა იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომაც გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღფრთოვანებას იწვევს. და როდესაც დადგება დღე, რომ მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე!“ – აცხადებს კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

კარლ ჰარცელის ოთხწლიანი დიპლომატიური მისია საქართველოში დასრულდა და ის და მისი  მეუღლე საქართველოს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close