ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.
დეკლარაციის თანახმად, ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის, გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.
„ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს. ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გახდის მათ უფრო უსაფრთხოს, ნატოს – უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს- უფრო დაცულს. ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის, გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის და შვედეთის ოფიციალურად მიწვევას ალიანსში „ისტორიული გადაწყვეტილება“ უწოდა.
როგორც ცნობილია, წინა დღეს, სწორედ სტოლტენბერგის შუამავლობით, თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ საკითხებზე, რომლებსაც თურქეთი აყენებდა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ. სამმხრივი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, მადრიდის ნატოს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. თავის მხრივ, შვედეთი და ფინეთი ვალდებულებას იღებენ, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ასევე გულისხმობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.
მედიის ცნობით, შვედეთი და ფინეთი, აგრეთვე, ვალდებულები იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ფინეთი და შვედეთი ვალდებულებას იღებენ, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე.
1tv.ge-ს მიხედვით
p. s. როგორც ცნობილია, ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის ფონზე და ნატოში განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს, თუმცა ალიანსის წევრი თურქეთი მათ დაჩქარებული გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა და ვეტოს დადებით იმუქრებოდა მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი ბოლო 200 წლის განმავლობაში არცერთ სამხედრო კავშირში არ ყოფილა.
რუსეთსა და ფინეთს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1271,8 კილომეტრია, გარდა ამისა, მათ შორის არის საზღვაო საზღვარიც, რომლის სიგრძე 54 კმ-ს უდრის.
ამავე თემაზე: ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს 2 დღეში გააკეთებენ – რას აპირებს რუსეთი „ხუმრობით“ და რეალურად?
კომენტარები