იტალიაპოლიტიკა

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვერონის მერი გახდა

საფეხბურთო კლუბ „რომას“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დამიანო ტომაზი ქალაქ ვერონის მერი გახდა. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი წერს.

არჩევნების ფინალურ ტურში 48 წლის ფეხბურთელმა ხმების 54,4% პროცენტი მოაგროვა, მისმა კონკურენტმა, მოქმედმა მერმა ფედერიკო სბორიანამ მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმებიდან“  – 46,6% და, შესაბამისად, პოსტიც დატოვა. თავად ტომაზი არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მას მხარს უჭერენ ზომიერი მემარცხენე ძალები.

ტომაზი ვერონის მახლობლად დაიბადა და მისი საფეხბურთო კარიერაც კლუბ „ვერონიდან“ დაიწყო, საიდანაც 1996 წელს „რომაში“ გადავიდა… „რომას“ შემადგენლობაში, 1996-2006 წლებში, ტომაზის ჩატარებული აქვს 351 მატჩი და მის ანგარიშზე 21 გოლია; 2001 წელს იგი იტალიის ჩემპიონიც გახდა.

დამიანო ტომაზი იყო იტალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი და მის შემადგენლობაში 1998-2003 წლებში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი აქვს 2 გოლი.

სულ რაღაც ერთი თვის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა ვერონის მერის არჩევნებში ტომაზის გამარჯვებას, იგი აუტსაიდერად მიაჩნდათ. „ლა რეპუბლიკა“ წერს, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა უჩვეულო საარჩევნო კამპანია ჩაატარა რამდენიმე პლაკატით და ერთსიტყვიანი ერთადერთი სლოგანით “Ora!” („ახლა!“), ეკონომიური სოციალური ქსელებით, პირდაპირი კონტაქტით ადამიანებთან და მათი მოსმენით. „მინდა, რომ ადამიანები თვალებში მიყურებდნენ და ჩემი სჯეროდეთ“, – თქვა მან. და დაუჯერეს…

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close