fbpx
მიგრაციამსოფლიო

აშშ-ში, მექსიკის საზღვართან ახლოს აღმოაჩინეს ფურგონი, რომელშიც ათობით მიგრანტის ცხედარი იყო

სულ ცოტა, 46 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს ტრაილერში, რომელიც ტეხასის შტატის სამხრეთში, ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში იყო გაჩერებული. ამის შესახებ ქალაქის მერმა რონ ნიუნბერგმა ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია 28 ივნისს. 

მათ ეთნიკურ კუთვნილებაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიგრანტები შტატებში, სავარაუდოდ, მექსიკიდან არალეგალური გზით შეიყვანეს. ქალაქი სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 150 მილის (250 კმ) დაშორებით მდებარეობს.

ქალაქის ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კიდევ 16 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მდგომარეობაში, სითბური გამოფიტვისა და გაუწყლოვნების სიმპტომებით. გარდაცვლილთაგან კი ყველა ზრდასრული იყო. ამერიკული მედიასაშუალებები მომხდარ ფაქტს „ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრაგედიას“ უწოდებენ არალეგალური მიგრაციის ისტორიაში .

მოგვიანებით მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

ადამიანთა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქ სან ანტონიოში წინა დღეებში დიდი სიცხე დაიჭირა, ორშაბათს ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ ფარენჰაიტით 103 გრადუსს (ცელსიუსით – 39 გრადუსი) მიაღწია. ამასთან, ტრაილერში არ იყო არც წყალი და არც ჰაერის კონდიცირების სისტემა.

ადგილობრივ რადიოსადგურ News4SA-ს ცნობით, ქალაქის პოლიციის უფროსმა უილიამ მაკმანუსმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი კავშირში მომხდარ ტრაგედიასთან.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ადამიანთა დაღუპვაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. მან ტვიტერში დაწერა, რომ ადამიანთა გარდაცვალება ჯო ბაიდენის „ღია საზღვრების მომაკვდინებელი შედეგების ბრალია“.

„ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ზომები – მოვახდინოთ ადამიანთა კონტრაბანდის ქსელების ლიკვიდაცია და შევცვალოთ ისინი ლეგალური მიგრაციის გაფართოებული შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს ასახავს და ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს შეესაბამება!“ – დაწერა ტვიტერში ტეხასის გუბერნატორობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბეტო ო’რურკმა.

ნინო ხოშტარია

p. s. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა შორის 25 მექსიკელია, 7 გვატემალელი და 2 – ჰონდურასის მოქალაქე. დანარჩენი 16-ის მოქალაქეობა ჯერჯერობით უცნობია..

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close