მსოფლიოპოლიტიკა

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს 2 დღეში გააკეთებენ – რას აპირებს რუსეთი „ხუმრობით“ და რეალურად?

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს ინფორმაციით, ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს. ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს ისტორიული დღეა. ახალი ერა დაიწყო“, – მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები გამოცემა Yle.fi-ს.

პრესკონფერენციაზე, აგრეთვე, გამოვიდნენ ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ. ამ შეხვედრის შემდეგ ალიანსში განაცხადეს, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით თურქეთის ვეტო დაძლეული იქნება.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოზიცია შეიძლება გახდეს დროებითი წინააღმდეგობა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე. ერდოღანმა განაცხადა, რომ არ მიაჩნია დადებითაც ფინეთის და შვედეთის მისწრაფება ნატოში გაერთიანებისკენ, რამდენადაც, მისი თქმით, „ისინი ტერორისტული ორგანიზაციების თავშესაფარი გახდნენ“. ანკარა ასეთ ორგანიზაციებად მიიჩნევს ევროპაში მოქმედ ქურთი სეპარატისტების ჯგუფებს და თურქეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრების მიღებისთვის საჭიროა გადაწყვეტილება, რომელსაც კონსენსუსის საფუძველზე ყველა წევრი (მათ შორის, თურქეთიც) მიიღებს. ანკარა ადრეც გამოდიოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ, თუმცა შედეგად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში შესვლის პროცედურისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

მოსალოდნელია, რომ ფინეთის პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებას ორშაბათს დაამტკიცებს. არსებული ინფორმაციით, ხმათა უმრავლესობა არსებობს, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, სამშაბათს  ფინეთი ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში წევრობის განაცხადს  ოფიციალურად წარადგენს.

რაც შეეხება შვედეთს, მისმა მთავრობამ შეცვალა თავისი გეგმები და აპირებს, ნატოს წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად 17 მაისს, სამშაბათს წარადგინოს. ამის შესახებ გამოცემა Svenska Dagbladet-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, არსებობს პროცესის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური წერილი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიერთების თაობაზე სამშაბათს გადაეცემა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს (ან მის წარმომადგენელს, თუ სტოლტენბერგი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების გამო თვითიზოლაციაშია, იმ დროისთვის სამუშაოს ჯერ არ დაუბრუნდება).

ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოქვეყნდა იმიტომ, რომ მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, სადაც აგრეთვე არიან ნატოს წევრობის მოწინააღმდეგეები, შიდა დისკუსია არ დაუმთავრებია, თუმცა რადგან ნატოსკეპტიკოსები უმცირესობაში არიან, მოსალოდნელია, რომ მთავრობა უკვე დღეს საღამოს გამოაცხადებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კურსის დამტკიცების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი ბოლო 200 წლის განმავლობაში არანაირ სამხედრო ალიანსში არ ყოფილა.

ფინეთისა და შვედეთის ნატოში ინტეგრაციის იურიდიული პროცესიც დაჩქარდება. ამის შესახებ ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა.

რუსეთი კი უკვე აჩენს კლანჭებს აქამდე ნეიტრალური სტატუსის მქონე ამ ორი ჩრდილოური სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციის აშკარა და ძალიან სწრაფი პერსპექტივის გამო. ფინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთმა ქვეყანას 14 აპრილიდან ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტა, თუმცა ფინური მხარის განცხადებით, მათ ამის გამო პრობლემა არ შეჰქმნიათ, რადგან რუსეთი ფინეთის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 10%-ს აწვდიდათ და დანაკლისი შვედეთიდან და ელექტროენერგიის საკუთარი წარმოების გაზრდის ხარჯზე შეივსეს, ხოლო 2023 წლისთვის აპირებენ ქვეყნისთვის საჭირო ელექტროენერგია მთლიანად თავად გამოიმუშაონ. ფინეთი ელოდება, რომ რუსეთი გაზმომარაგებასაც მთლიანად შეუწყვეტს და აცხადებს, რომ ამისთვისაც მზადაა, თუმცა რუსეთი უარყოფს ფინეთისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

14 მაისს „როსკოსმოსის“ მეთაურმა დმიტრი როგოზინმა „გაიხუმრა“ შვედეთისა და ფინეთის სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსიდან დარტყმის თაობაზე, თუ ისინი ნატოში შევლენ.

ამის შესახებ როგოზინმა ტელეგრამზე დაწერა.

„რუსეთს არ აქვს მტრული განზრახვები ფინეთისა და შვედეთის მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

„სარმატსაც“ არ აქვს ნატოს ქვეყნების მიმართ წინასწარ აკვიატებული ურთიერთობა და მტრული განზრახვები.

უბრალოდ, სამუშაოა ასეთი“.

შეგახსენებთ, რომ „სარმატი“ (РС-28 “Сармат”) ახალი, მეხუთე თაობის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც რუსეთმა მიმდინარე წლის 20 აპრილს წარმატებით გამოცადა – რაკეტამ კამჩატკის ნახევარკუნძულზე წინასწარ მომზადებული სამიზნე გაანადგურა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, „სარმატს“ ანალოგი არ გააჩნია და მას თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდების უნარი აქვს.

როგოზინის „ხუმრობით“ და რუსეთის გოსდუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჟურავლიოვის ღია მუქარის მიუხედავად (რა თქმა უნდა, მათი პირით კრემლი ლაპარაკობს)  ფინეთის და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს, როგორც ჩანს, უკვე ვერაფერი შეაჩერებს.

აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სკაი ნიუსთან“ 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაში ეგზისტენციალურ საფრთხეს არ ხედავს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თუ ეს ქვეყნები ალიანსში შევლენ, რუსეთს „მოუწევს სიტუაციის დაბალანსება…“

„ჩვენ მოგვიწევს გავხადოთ ჩვენი დასავლეთი ფლანგი სულ უფრო და უფრო დახვეწილი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ფინეთს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1271,8 კილომეტრია, გარდა ამისა, მათ შორის არის საზღვაო საზღვარიც, რომლის სიგრძე 54 კმ-ს უდრის.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. 15 აპრილს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა შვედეთში ნატოს ბაზების განთავსების წინააღმდეგია – მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ შვედეთი ნატოს წევრი უნდა გახდეს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და ალიანსის მუდმივი ბაზების განლაგების გარეშე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close