მედიცინა

გაურკვეველი წარმომავლობის ჰეპატიტი – რა ვიცით მის შესახებ?

გაურკვეველი წარმომავლობის ჰეპატიტი რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში ეს დაავადება ჯერ არ გამოვლენილა. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, შესაძლოა ის კოვიდპანდემიასაც უკავშირდებოდეს.

ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე მსოფლიოში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის 450 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაავადება განსაკუთრებული იმითაა, რომ მწვავე ჰეპატიტი ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, რაც ზოგადად იშვიათობაა.

„დაავადება დაფიქსირდა 25 ქვეყანაში, საქართველო მათ შორის არაა“, – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იაშვილის სახელობის საბავშვო საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

„ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. იყო ლეტალური და მძიმე შემთხვევები, როდესაც ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო. ძირითადად, ეს ბავშვებს ეხება და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე ნაკლებია. 450 შემთხვევიდან არცერთი არ იყო სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74 პროცენტში ეს ადენოვირუსია, 20 პროცენტში ასევე ნანახია კორონავირუსით დაავადების შემთხვევები“.

ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ეს დაავადება, არ არსებობს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია.

„ერთი ვერსიით, ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა და ამ ვირუსმა, რომელიც ზოგადად არ განიხილება, როგორც ვირუსი, რომელიც ღვიძლს აზიანებს, დაიწყო მოქმედება ღვიძლის წინააღმდეგ. არსებობს ვერსია, რომ გარკვეული როლი ითამაშა კორონავირუსმა და ეს ყველაფერი განვითარდა გადატანილი კორონავირუსის ფონზე, რამაც შეცვალა ადამიანის იმუნიტეტი… ბევრი ვერსიაა, მაგრამ სრული მოცულობით კვლევები ყველა ქვეყანაში არ ჩატარებულა“.

ექიმი ასევე ამბობს, რომ ყველა შემთხვევა არ იყო მძიმე:

„საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება გაურკვეველი წარმომავლობის ვირუსისა, რომელიც იწვევს ღვიძლის დაზიანებას, ამ მონაცემებით არ არსებობს… ამ ჰეპატიტის სამართავად განსაკუთრებული წამლები საჭირო არ არის“.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს.

„საყურადღებოა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ატიპურ ჰეპატიტთან ბავშვებში. ეს არ არის ჰეპატიტი ა, ბ, „დელტა“ ან რამე სხვა. სხვა გენეზისი აქვს. ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ამას და დავაკვირდებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჰეპატიტის შემთხვევები მართალია ცოტაა, მაგრამ მათ მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. შეკითხვაზე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, ორგანიზაცია პასუხობს:

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადება გავრცელებული არაა. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ სიმპტომებს: მწვავე დიარეა, ღებინება. მუცლის ტკივილი, სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსის). დაავადების უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებათ. ამ სიმპტომების აღმოჩენისას მშობლებმა ექიმს უნდა მიმართონ“.

ჯანმოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჯერად ორგანიზაციის ამოცანაა, დაადგინოს დაავადების მიზეზები და იპოვოს საშუალება მისი პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close