fbpx
პოლიტიკაკრიმინალი

კიევში დაიწყო პირველი სასამართლო პროცესი ომის დანაშაულზე – ბრალდებულია 21 წლის რუსი ჯარისკაცი

კიევში ომის დანაშაულებზე პირველი სასამართლო პროცესი დაიწყო პირველი რუსი ჯარისკაცის, 21 წლის ვადიმ შიშიმარინის წინააღმდეგ, რომელმაც, ბრალდების მტკიცებით, სუმის რეგიონში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. შიშიმარინი ციხეში იმყოფება.

ჯარისკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ომის კანონებისა და წესების დარღვევის გამო“ სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო UNIAN-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ის პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინის სასამართლოს წინაშე წარდგება.

საქმეს განიხილავს კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლო, რომელმაც 13 მაისს საქმის წარმოება დაიწყო განხილვისთვის. მეორე სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.

შიშიმარინს უფასო ადვოკატი და თარჯიმანი დაუნიშნეს. ჯერჯერობით არც ბრალდებულს და არც ადვოკატს თავიანთი პოზიცია არ გაუხმოვანებიათ.

ამავე დროს, პროკურორმა იაროსლავ უშაპივსკიმ „უკრაინსკაი პრავდას“ უთხრა, რომ გამოძიების მსვლელობისას შიშიმარინმა ბრალი აღიარა, მოინანია დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ვადიმ შიშიმარინი 21 წლისაა. იგი მოსკოვის ოლქის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიაში მსახურობდა. იყო სატანკო დივიზიის განყოფილების მეთაური.

უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, 28 თებერვალს სუმის რაიონის სოფელ ჩუპახოვკაში ბრალდებულმა ესროლა უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა გზის განაპირა ბილიკზე და თან ტელეფონით საუბრობდა. 62 წლის მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა თავისი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.

მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა შიშიმარინი ტყვედ აიყვანეს.

ნინო ხოშტარია

Vadim Shishimarin, 13 May 2022. EPA/TANYA GORDIENKO
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close