საბერძნეთში აცრის სერტიფიკატი გაუქმდება – შეზღუდვების ნაწილი შაბათს იხსნება
ორი წელია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მარწუხებში ცხოვრობს. შეიზღუდა ადამიანების თავისუფლება – გადაადგილება, ურთიერთობა, კულტურული, სპორტული თუ სხვა ღონისძიებების ჩატარება და მონაწილეობა… „ომიკრონთან“ ერთად, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, გაჩნდა იმედი, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით – კოვიდპასპორტების, აცრის სერტიფიკატების, პირბადეების და შეზღუდვების გარეშე, მაგრამ როდის?
ბოლო ცნობებით, საბერძნეთი, დიდი ალბათობით, აღდგომის შემდეგ გააუქმებს აცრის სერტიფიკატებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებლები და ინტუბირებულთა რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ dikaiologitika.gr. წერს.
იმედის მომცემია ჯანდაცვის მინისტრის, ტანოს პლევრისის განცხადება, რომ „ქვეყანა ნორმალური ცხოვრების მიმართულებით მიდის“.
შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა – ე. წ. „საგზაო რუკა“ 2 მარტს წარედგინა კომპეტენტურ ორგანოებს. ამასთან, ექსპერტთა კომიტეტმა განაცხადა ღია ცის ქვეშ პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმების შესახებ, თუმცა სხდომის დამთავრების შემდეგ ტანოს პლევრისმა თქვა, რომ ამის მიუხედავად დაბეჯითებითი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა პირბადე გამოიყენონ ღია ცის ქვეშ ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და, რა თქმა უნდა, აუცრელებმა.
ექსპერტთა კომისიის წინადადებას მთავრობა განიხილავს და დეტალები მომავალ დადგენილებაში აისახება. „ახალი ზომები შაბათიდან, 5 მარტიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები