კრიმინალისაბერძნეთი

ათენის ცენტრში მანიაკი ახალგაზრდა ქალებს დღისით-მზისით დანით თავს ესხმის

ათენის ცენტრში გასულ ორშაბათს, დილით მანიაკი ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა ქალს დანით დაესხა თავს. შემთხვევა პატისიის რაიონში მოხდა. ამის შესახებ in.gr წერს.

სუპერმარკეტის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალმა ბავშვი სკოლაში მიიყვანა და სამსახურში მიდიოდა, როდესაც მისკენ მომავალი მამაკაცი დაინახა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა. მამაკაცი ქალს რომ გაუსწორდა, სიტყვის უთქმელად ეცა და ყელზე დანა მიაბჯინა. შედეგად ქალმა კისერზე მსუბუქი ჭრილობა მიიღო, თუმცა თავდაცვისას სერიოზულად დაიზიანა ხელების თითები. ქალმა გაქცევა და სუპერმარკეტში თავის შეფარება მოახერხა, სადაც მუშაობს.

მისმა თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს პოლიციას, პატრულებმა მაშინვე დაიწყეს გამოძიება დამნაშავის პოვნის მიზნით.

რაიონის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინათ კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი მოხდა. ისინი ჩივიან, რომ პოლიცია ჯეროვნად არ მუშაობს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას სათანადოდ არ იცავს.

„ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ. ბევრ გოგონას ველაპარაკე. დაზარალებული ჩემი მეზობელია, იგი სამსახურში მიდიოდა დილით, როდესაც მანიაკი დაესხა თავს და დანა ყელზე მიაბჯინა… მას ძლიერად დაესერა ხელები, როდესაც თავდაცვას ცდილობდა. თავდამსხმელს სიტყვაც არ უთქვამს მისთვის… გარდა ამისა, არსებობს 2 სხვა გოგონას ჩვენებაც, რომლებიც ანალოგიური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ“, – აცხადებს დაზარალებულის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც მანიაკი დაესხა თავს, პოლიციას ჩვენება მისცა, თუმცა სამართალდამცველებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს და დააკავეს დამნაშავე.

„პოლიციას მივმართეთ, თუმცა მაცხოვრებლები თვითონაც არიან მობილიზებულები და რაიონში პატრულირებენ“, – განუცხადა ტელეარხ „მეგას“ თვითმხილველმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close