მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის რუკა: ბრძოლები კიევისა და ხარკოვისთვის – რა მდგომარეობაა უკრაინაში ომის მერვე დღეს

რუსულმა სამხედრო ნაწილებმა უკრაინაში პირველი დიდი ქალაქის აღება შეძლეს – ისინი მთლიანად აკონტროლებენ სამხრეთის საპორტო ქალაქ ხერსონს, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს.

ალყაშია მოქცეული საპორტო ქალაქი მარიუპოლი.

დღემდე უკრაინის კონტროლქვეშ რჩება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი (მოსახლეობის რაოდენობა – მილიონ 444 ათასამდე – 2021 წ. საიდანაც  60,99 % უკრაინელია, 34,2% – რუსი, 0,8% – ებრაელი; მოსახლეობა, ძირითადად, რუსულენოვანია – 63%-ზე მეტი). ქალაქი რამდენიმე დღეა ინტენსიურად იბომბება. ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 34 მშვიდობიანი მოქალაქე.

ქალაქის მერის ცნობით, 3 მარტის დილის მდგომარეობით, დაჭრილია 285 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

წუხელ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმიც, სადაც ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.

ეუთომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი მარინა ფენინა დაიღუპა.

კიევში დღეს გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისროდა, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერჯერობით რუსული სამხედრო ტექნიკა დედაქალაქში არ ჩანს. გუშინ საღამოს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით, ბიბისიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკის რუსული 64-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, შეჩერდა.

რუსეთმა შეტევა გასულ ხუთშაბათს (24 თებერვალი), გამთენიისას დაიწყო სამი ძირითადი მიმართულებიდან: ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), სამხრეთიდან (ყირიმი) და აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი).

ჯარები შევიდნენ უკრაინაში და ქვეყნის მასშტაბით სამიზნეებზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს.

„ბიბისის“ მიერ წარმოდგენილ რუკაზე მოცემულია, რამდენად წაიწიეს წინ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა უკრაინის ტერიტორიაზე. ვარდისფერი ფონით აღნიშნულია ტერიტორია, რომელსაც უკვე რუსები აკონტროლებენ.

დღეს ელოდებიან ბელარუსის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებას. დელეგაციები ადგილზე არიან, მათი შემადგენლობა უცვლელია, თუმცა დელეგაციის წევრის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, შეხვედრა არ გაიმართება ბელოვეჟის ტყეში. შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით უცნობია. კიევი მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რუსული მხარის მოთხოვნები უცვლელია: ყირიმზე საუბარი არ არის (ანუ გადაწყვეტილია საკითხიო – რედ.), ე. წ. დნრ-ის და ლნრ-ის აღიარება, უკრაინის ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია (ახალი ტერმინი გამოიგონეს), – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. იგი აცხადებს, რომ რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდშიც გაგრძელდება.

ამ ფონზე მოლაპარაკებების რაიმე ხელშესახები შედეგი ნაკლებად სავარაუდოა, ამაში ეჭვი შეაქვთ რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებსაც. ამის არაპირდაპირი მინიშნება მათთვის არის ის, რომ რუსულ დელეგაციას, მათი შეფასებით, აბსოლუტურად „არასწორი“ კადრი – დმიტრი მედინსკი ხელმძღთვანელობს. მედინსკი ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეა, ამ პოზიციამდე კი კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა (2012-2020).  თუმცა, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს

დასავლეთის სანქციების შედეგად მძიმე დარტყმას განიცდის რუსეთის ეკონომიკა, რუბლი ყოველდღე კატასტროფულად ეცემა. მკვეთრად დაეცა რუბლი ქართულ ლართან მიმართებაშიც – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 100 რუსული რუბლის ღირებულება 2,91 ლარია (უფრო ნაკლები მაჩვენებელი იყო მხოლოდ 2014-2016 წლებში – 2,81-2,90 ლარი).

ასიათასობით ადამიანი ტოვებს უკრაინას. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანა უკვე დატოვა მილიონზე მეტმა მშვიდობიანმა მოსახლემ. ევროკავშირის ვარაუდით, დევნილების რიცხვი 4 მილიონს გადააჭარბებს, ზოგიერთი ორგანიზაციის ვარაუდით – 7 მლნ-ს.

დევნილები დასავლეთით მეზობელ ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს: პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა. დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ თბილისი საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან დევნილებს მიიღებს.

ჰააგის სასამართლომ, 38 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე,  უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close