ქალი, რომელსაც ეგონა, რომ კოვიდის გართულებები ჰქონდა, ორსულად აღმოჩნდა
აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ენგლვუდის მაცხოვრებელმა ქალმა ექიმს გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებით მიმართა. ის მუდმივ დაღლილობას უჩიოდა, თუმცა გამოკვლევების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. ამის შესახებ today.com წერს
36 წლის ჯო ენ მაკკუსკერმა (Jo Anne McCusker) გამოკვლევების შემდეგ შეიტყო, რომ მას იშვიათი გართულება ჰქონდა – ჩაზრდილი პლაცენტა. ექიმების თქმით, მისი პლაცენტა საშვილოსნოს ქვედა ნაწილში ჩაიზარდა და მთავარ სისხლძარღვებსა და შარდის ბუშტში მოხვდა. დაიგეგმა ექიმების კონსილიუმის მოწვევა, რათა გადაეწყვიტათ, როგორ გადაერჩინათ დედაც და შვილიც.
ორსულობის 34-ე კვირაზე პაციენტს სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა მას საშვილოსნო და პლაცენტა ამოუღეს და დაზიანებული შარდის ბუშტი აღუდგინეს. ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა მან რამდენიმე დღე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
მაკკუსკერმა მშობიარობის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაიღვიძა. ქალი იმდენად სუსტად იყო, რომ ახალშობილ ვაჟიშვილს ხელშიც კი ვერ იჭერდა. ახლა დედა-შვილის მდგომარეობა უმჯობესდება.
ჩაზრდილმა პლაცენტამ შეიძლება ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს და საშიშია როგორც დედის, ისე ნაყოფისთვის. ეს იშვიათი გართულება ორსულების 0,17 %-ში ხდება. მისი გაჩენის რისკი იზრდება, თუ ქალს წინა მშობიარობის დროს საკეისრო კვეთა გაუკეთდა.
rustavi2.ge
კომენტარები