ევროკავშირი საზღვრებს ჩინური და ინდური ვაქცინებით აცრილი უცხოელებისთვისაც ხსნის
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საზღვრებს გაუხსნიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული იმ ვაქცინებით აცრილ მოგზაურებსაც, რომლებსაც ევროპის წამლის რეგულატორის (EMA) ავტორიზაცია არ მიუღია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა თავის ტერიტორიებზე აქამდე შესვლის უფლებას არ აძლევდა ე. წ. მესამე ქვეყნების მოგზაურებს, თუ ისინი აცრილები არ იყვნენ ევროკავშირში დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა: Pfizer-BionTech-ი, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson-ი და Novavax-ი.
რაც შეეხება ჩინურ „სინოვაკს“ და „სინოფარმს“, ასევე, ინდურ Bharat Biotech-ს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიღებული აქვთ ავტორიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ევროკავშირი მათ არ აღიარებდა.
1-ლი მარტიდან ევროკავშირის ქვეყნები ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებისთვისაც ხსნიან საზღვრებს.
„წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, – ნათქვამია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ მიღებულ რეკომენდაციაში.
„როიტერსი“ ასევე იტყობინება, რომ შეზღუდვები უქმდება იმ მოგზაურებისთვის, რომლებსაც ვაქცინის მეორე დოზა გამგზავრებამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე ექნებათ გაკეთებული და მეორე დოზის მიღებიდან არ იქნება გასული 270 დღეზე მეტი.
გარდა ამისა, EU-ს განცხადებით, მოგზაურებს, რომლებიც კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ და ინფიცირების დადასტურებიდან არ არის გასული 180 დღეზე მეტი, ასევე უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა, მათ შორის, ტურისტული მიზნებითაც.
ამ დრომდე არსებული შეზღუდვების მოხსნა 2022 წლის 1-ლი მარტიდან უნდა დაიწყოს – ასეთი რეკომენდაცია მიიღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები