მსოფლიოპოლიტიკა

სადამდე წავა რუსეთი – პუტინი და მისი იმპერიალისტური ვნებები

მას შემდეგ, რაც პუტინის რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარი მხოლოდ მცირედით შეცვალა. ყველა კვლავ ომის მოლოდინშია.

ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებული და შემდეგ უკანონოდ აღიარებული ტერიტორიების უსაფრთხოებას რუსეთივე დაიცავს. ახლად აღიარებული „სახელმწიფოების“ ტერიტორიული პრეტენზიები იმაზე გაცილებით უფრო ფართო არეალს მოიცავს, ვიდრე იქ სეპარატისტები დღემდე აკონტროლებდნენ. ჩნდება შეკითხვა – როგორ აპირებენ დანარჩენი ტერიტორიის შეერთებას?

21 თებერვლის ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ მის სიამაყედ კვლავ რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება რჩება, რომელსაც შემდეგ უდიერად მოეპყრო ლენინი. პუტინი უკრაინას სახელმწიფოდ არ თვლის და მსგავსი რამ ახლო წარსულში საქართველოს შესახებაც უთქვამს.

  • ქმნის თუ არა ახალ რეალობას ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება?
  • რა გეგმა ამოძრავებს პუტინს უკრაინაში და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ის?
  • უკრაინისა და საქართველოს გარდა კიდევ რომელი ქვეყნები შედის პუტინის საოცნებო იმპერიის საზღვრებში?

აღიარება და ომის საფრთხე

როცა 15 თებერვალს რუსეთის დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების წინადადებით მიმართა, პუტინის ადმინისტრაციაც და თავად პუტინიც აცხადებდნენ, რომ ასეთი სვლა არ განიხილებოდა.

სულ რაღაც 6 დღეში, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი მაინც გადადგა და ძალიან ვრცელი სატელევიზიო გამოსვლის დროს ისიც თქვა, რომ აღიარების საკითხი „დიდი ხნის მომწიფებული“ იყო.

მას შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

უკვე 22 თებერვალს რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორ „სახელმწიფოსთან“ მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების რატიფიცირებას.

პუტინმა ასევე ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება „ახალ სახელმწიფოებში“ რუსეთის არმიის გაგზავნის შესახებ მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რასაც ის „მშვიდობის შენარჩუნების“ ოპერაციას უწოდებს.

BBC იხსენებს, რომ სიტყვა „მშვიდობა“ გარეული იყო იმ სამხედრო ოპერაციის სახელშიც, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყო. მაშინ მას „მშვიდობისკენ იძულება“ ერქვა.

22 თებერვალს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ ფედერაციის საბჭომ დააკმაყოფილა პუტინის მიმართვა შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების შესახებ.

მედია აქტიურად წერს რუსული სამხედრო ტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაადგილებაზე. ვარაუდობენ 20 ათას ჯარისკაცს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ არსებობს.

სანქციებზე მსჯელობის პარალელურად დასავლელი ლიდერები განაგრძობენ დიპლომატიურ ბრძოლას რუსეთის შესაკავებლად, თუმცა არსებული ვითარება ჯერ ისევ აფიქრებინებთ, რომ რუსეთი ხელს არ აიღებს გეგმაზე – ომი გამოუცხადოს უკრაინას. ომის საფრთხეზე ლაპარაკობენ დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებსა თუ ნატოში.

ექსპერტების ნაწილი კი შიშობს, რომ აღიარების გადაწყვეტილებამ და თანმხლებმა პროცესებმა კიდევ უფრო გაზარდა ომის საფრთხე.

ახლა ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ის არის, რომ – ერთმანეთს არ ემთხვევა ამ უკანონოდ აღიარებული „სახელმწიფოების“ პრეტენზია და რეალობა.

თვითგამოცხადებამდე მათ მიერ ჩატარებული რეფერენდუმების გზით ტერიტორიებად განისაზღვრა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები სრულად.

  • ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) თვითაღიარება 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა, უკრაინის დონეცკის ოლქის საზღვრებში, თუმცა 2014-2015 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ДНР დღეს მხოლოდ დონეცკის ოლქის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს აკონტროლებს, რაც დონეცკის ოლქის მხოლოდ მესამედს წარმოადგენს.
  • ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (ЛНР ) თვითაღიარება მოხდა 2014 წლის 27 აპრილს, უკრაინის დონეცკის ოლქის საზღვრებში. სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორია ამ შემთხვევაშიც დაახლოებით სამჯერ ნაკლებია მათთვის სასურველ ტერტიტორიებზე.

დღეს ბევრი მკითხაობდა, რა „საზღვრებში“ აღიარა პუტინმა ეს ორი წარმონაქმნი. დუმაში დილიდანვე ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, რომ „ახალი სახელმწიფოები“ სწორედ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე აცხადებენ პრეტენზიას, საღამოს კი რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აღიარება ე.წ. რესპუბლიკების ე.წ კონსტიტუციით განსაზღვრულ საზღვრებში, უკრაინული ოლქების სრულ ტერიტორიაზე მოხდა.

მარიუპოლი – მთავარი ინტერესი

რუსეთი და მისი მხარდაჭერილი სეპარატისტები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ მარიუპოლის მიმართ. აზოვის ზღვის ამ საპორტო ქალაქის დაცვასა და შენარჩუნებას, სხვადასხვა დროს არაერთი უკრაინელი სამხედრო შეეწირა.

2014 წლის ივნისში უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარიუპოლი გამოაცხადა დონეცკის ოლქის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად, რადგან ოფიციალური ადმინისტრაციული ცენტრი – დონეცკი უკვე სეპარატისტების ხელში იყო.

რატომ არის მარიუპოლი ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის?

  • დონეცკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე მარიუპოლი საკვანძო მონაკვეთია სახმელეთო დერეფნისთვის, რომელიც რუსეთს დააკავშირებს მის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან.
  • მარიუპოლში უკრაინის სიდიდით მეხუთე ნავსადგური მდებარეობს და მიიჩნევა საზღვაო ჰაბად აზოვის ზღვის პირას, რომელიც რუსეთმა საკუთარ ზღვად გამოაცხადა.

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი და ადგილობრივი სეპარატისტები შეეცდებიან მთლიანად დაიკავონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები.

ეს შესაძლოა ორი გზით მოხდეს: ბრძოლით ან მავთულხლართებით, ანუ იმავე მეთოდებით, რასაც რუსეთი საქართველოს შემთხვევაში მიმართავს.

ალადაშვილი უფრო ომს მოელის.

„დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი დიდ ბრძოლაში გადავიდეს. ადრე თუ რუსეთის არმია სეპარატისტების ზურგს უკან მოქმედებდა. ახლა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალურად შესვლის შემდეგ, პროცესში, ალბათ, რუსეთის არმიაც ჩაერთვება. თუ ბრძოლამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო, რუსეთი სავარაუდოდ დაარტყამს ხარკოვს, კიევს, ოდესას…

ვიცით, რომ დიდი რაოდენობის სამხედროები ჰყავს მობილიზებული როგორც უკრაინის საზღვრებთან, ასევე ბელორუსში და თუ დაიწყებს, ვფიქრობ, მიიყვანს ბოლომდე თავის გეგმას. ერთ-ერთი მისი ჩანაფიქრია დნესტრისპირეთზე [მოლდოვის ოკუპირებულ რეგიონზე] გასვლა. მის ინტერესშია მარიოპულისა და სხვა ქალაქების დაკავება, აზოვის ზღვის პირას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი ალადაშვილი.

სეპარატისტების „ნოვოროსია“

რუსეთის სვლა წინააღმდეგობაშია „მინსკის შეთანხმებების“ მოთხოვნებთან და თუკი ისედაც პრობლემური პროცესი საბოლოოდ ჩავარდება, ეს გზას გაუხსნის ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების მიერ 2014 წლის მაისში დაფუძნებულ კონფედერაციულ „სახელმწიფოს“, რომელსაც, რუსული წყაროების მიხედვით, რუსეთის იმპერიის გუბერნიის სახელი – „ნოვოროსია“ (Новороссия) დაერქვა.

მე-18 საუკუნეში არსებული ამ გუბერნიის დედაქალაქებად, რუსული ისტორიული წყაროებით, სახელდება ამჟამინდელი უკრაინული ქალაქები – კრემენჩუგი და დნეპრი (უკრაინულად დნიპრო). ერთ-ერთი ვერსიით, დნეპრამდე ჩასვლა რუსეთის გეგმის შემადგენელი ნაწილია. სეპარატისტების მიერ შექმნილი კონფედერაციის საკითხი 2015 წელს სწორედ „მინსკის შეთანხმებების“ გამო შეჩერდა.

რუსეთი მაინც არ ასრულებდა 2014-2015 წლებში გაფორმებულ „მინსკის შეთანხმებებს“, რაც მას, მაგალითად, კონფლიქტის ზონიდან საკუთარი არმიის უკან გაყვანას ავალდებულებდა.

ამ დოკუმენტებით, ასევე უნდა მომხდარიყო შეთანხმება სეპარატისტული რეგიონებისთვის „სპეციალური სტატუსის“ მინიჭებაზე და არა ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოცხადებაზე.

„მინსკის შეთანხმებების“ ზოგიერთი მოთხოვნა სადავო იყო უკრაინელებს შორისაც და ექსპერტები ბევრი ნაღმისკენაც მიუთითებდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას წერტილი რუსეთმა დაუსვა.

„[პუტინის გადაწყვეტილება] შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებიდან და ნორმანდიის შეთანხმების იგნორირებას“, – თქვა 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პუტინის იმპერიული ოცნებები

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა 21 თებერვლის ვრცელი გამოსვლის დროს თქვა, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ლენინმა შექმნა და სინამდვილეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიები რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.

პუტინი ასევე მოიხსენიებს საქართველოსაც. „არავითარი საქართველო არ არსებობდა. ეს იყო ტიფლისის გუბერნია [რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში]“, – უთხრა მან რუს ჟურნალისტებს, მაგალითად, 2019 წელს.

რუსეთის იმპერია, რომელსაც პუტინი არცთუ იშვიათად საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სინონიმებად მოიხსენიებს, უკვე 100 წელზე მეტია აღარ არსებობს. თუმცა მისი ძლევამოსილებით რუსეთის პრეზიდენტი დღემდე ამაყობს და ამის შესახებ მან 21 თებერვლის გამოსვლაშიც ბევრი ილაპარაკა.

„პუტინმა აჩვენა, რომ საერთოდ არ აინტერესებს დღევანდელობა. მას აინტერესებს მხოლოდ ის, რაც მას უნდა, მაგრამ არ შეესაბამება რეალობას. ეს იყო დღევანდელი რუსეთის მანიფესტი. თუკი პუტინი 2007 წელს, მიუნხენში თავის ცნობილ გამოსვლაში აცხადებდა, რომ – რუსეთი აპირებს შედგეს იმპერიად; გუშინ მან თქვა, რომ რუსეთი შედგა, როგორც იმპერია.

ამ დროს, არაფერი არ არის რუსეთი. რუსეთი სუსტდება და მისი ეს ძალისმიერი მოქმედებებიც ამაზე მიანიშნებს. მას ამოეწურა ყველა დიპლომატიური გზა და ბევრი პრობლემა აქვს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის და მათ შორის – საქართველოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ხელი შეუწყოს რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებას“.

პაატა ზაქარეიშვილი არ მოელის, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებით კიდევ რაიმე გეგმას აამოქმედებს.

არის განსხვავებული მოსაზრებებიც და, მაგალითად, ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინი სწორედ იმპერიალისტურ გეგმებს მიჰყვეს და იზრუნოს მათ შორის – საქართველოში მკაფიოდ პრორუსული ხელისუფლების მოყვანაზე.

თუკი პუტინი იმპერიალისტურ ვნებებს აჰყვება, მას წინ გრძელი სია უდევს. საუკუნეების წინათ არსებულ რუსეთის იმპერიაში შედიოდა, მათ შორის, დღევანდელი ევროკავშირისა და ნატოს არაერთი ქვეყნის ტერიტორიები.

რუსულენოვანი წყაროების მიხედვით, ჩამონათვალი ასეთია: აშშ-ის შტატი ალიასკა, თურქეთი, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი.

22 თებერვალს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება მოლდოვის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობას.

„ღმერთმა არ ქნას. მე ეს არ მინდა. არავის უნდა ომი. უკრაინაში ხალხს მხოლოდ მშვიდობა უნდა“, – თქვა ზელენსკიმ.

დღეს პუტინმა თქვა რომ არ აპირებს რუსეთის იმპერიის სრულად აღგენას.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად უკანონო აღიარების პარალელურად, მოსკოვი კვლავაც ინარჩუნებს ათობით ათას სამხედროს უკრაინაში, მის საზღვრებთან თუ ბელორუსში. ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო დიპლომატიამ და რუსეთის შეჩერების მცდელობებმა დასავლელი ლიდერების მხრიდან.

ლელა კუნჭულია

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close