სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებმა ისევე სწრაფად იკლო, როგორც მოიმატა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, სალიმ აბდულ კარიმმა უთხრა. მისი ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ახალი შემთხვევების პიკი საკმაოდ სწრაფად დაძლია. კარიმი წინასწარ დაკვირვებაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ პროცესი შესაძლოა ანალოგიურად განვითარდეს სხვა ქვეყნებშიც, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული.
კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც დღემდე არსებულ ვარიანტებზე ყველაზე სწრაფად ვრცელდება, პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში და ამჟამად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებამ პიკს მიაღწია 12 დეკემბერს, როცა 38 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა. უკვე ათი დღის შემდეგ დაახლოებით 17 000-ით ნაკლები შემთხვევა იყო.
22 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, „ომიკრონით“ ინფიცირება „დელტასთან“ შედარებით 80%-ით ნაკლებად იწვევს ჰოსპიტალიზაციას, საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებში კი 30%-ით უფრო ნაკლებია მდგომარეობის დამძიმების რისკი. გასათვალისწინებელია, რომ ამ კვლევას ჯერჯერობით არ აქვს საექსპერტო შეფასება.
კომენტარები