საქართველო

სააკაშვილმა გორის ჰოსპიტლიდან მიმართა დაბადების დღის მისალოცად შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა დაბადების დღე გორის ჰოსპიტალთან გამავალი ქუჩიდან მიულოცეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ისინი არ მისულან ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჰოსპიტლის შესასვლელია, არამედ აღმაშენებლის გამზირზე შეიკრიბნენ. ამ მხარეს არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის პალატა, რომელსაც საკნის დატვირთვაც აქვს.

მხარდამჭერებმა ჰაერში ფრანები გაუშვეს, ჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ისმოდა შეძახილები: „მიშა! მიშა!“

გისოსებს მიღმა მყოფი ექსპრეზიდენტი მომხრეებს გამოეხმაურა და სიტყვითაც მიმართა. თავდაპირველად მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა ფრაგმენტულად გაიგეს სააკაშვილის სიტყვები: „საქართველო იქნება თავისუფალი!“ „არაფრის არ შეგეშინდეთ!“ „დიდი მადლობა მთელ საქართველოს!“ „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებულები!“ „მთავარია ერთიანობა!“ „არ შეშინდეთ, ბოლომდე შეტევა!“ „მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე!“ „ძირს დიქტატურა!“ „ძირს ოლიგარქი!“ „ძირს ძალადობა!“ „ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი მისი ბანდა ვერ დაგვამარცხებს!“

მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 54 წლის შესრულდა.

იგი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close