საზოგადოებასაქართველო

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა – რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს?

საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტით – „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში ინფექციის მიმდინარეობა მსუბუქია და პაციენტები საკუთარ ბინაში იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი  – საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში, და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმომ სახელწოდება „ომიკრონი“ მიანიჭა, პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა – ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში და მათ უმეტესობაში ამ ვარიანტით დაავადების შემთხვევები ყოველ დღე-ნახევარში ორმაგდება.

ევროპის ქვეყნებიდან ახალი ვარიანტი ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული, სადაც უკვე იკავებს დომინანტ პოზიციას – ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, გასულ 24 საათში 83 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში „ომიკრონის“ გამო ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია აცრების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა და აქტიური ბუსტერიზაციაა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი უნდა იყოს. აგრეთვე, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდეს და 5 თვიდან კიდევ უფრო დაბლა ჩამოიწიოს, „რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“.

ამასთან, იგი „ომიკრონის“ შემთხვევების დაფიქსირების გამო ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ელოდება, ახალ წლამდე მაინც. მისივე ვარაუდით, სტაბილური ეპიდვითარება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

„…დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. …ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვაქვს, შემთხვევების ძირითადი ნაწილი ამბულატორიული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close