ქართველები უცხოეთში

ქეთა თოფურია პირველად – „ავტორიტეტ“ მამაზე, მიხეილ სააკაშვილსა და მეორე ქმრის ერთი ნახვით შეყვარებაზე…

ქეთა თოფურიამ რუს ტელეწამყვანს, ნადეჟდა სტრელეცს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„ა-სტუდიო“ გაისად 35 წლის ხდება და 16 წელია, რაც ქეთა თოფურია ამ ჯგუფის სოლისტია.

ის ინტერვიუში ამბობს, რომ დამწყები მომღერლები პროფესიონალების გვერდით არ უნდა იდგნენ სცენაზე. „ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდები რაღაცას აკეთებენ და ასე უცებ აღწევენ წარმატებას, „ტიკ-ტოკისა“ თუ სხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით, მაგრამ როცა შენ წლების განმავლობაში იზრდები, სწავლობ და შენი შრომით აღწევ წარმატებას და არა – გარემოებათა გამო, ეს ადამიანები შენ გვერდით არ უნდა იდგნენ სცენაზე“, – ამბობს მომღერალი.

წამყვანის კითხვაზე: „ალა პუგაჩოვას აქვს თვისება, თუ მომღერალი მოსწონს, მას აუცილებლად დაეხმარება წინსვლაში. ცნობილია, რომ ის „ა-სტუდიოს“ სწყალობს. როგორ გაიცანი?“

ქეთა პასუხობს: „მას პირველად შევხვდი გადაცემა „Песня года“-ში. შემდეგ კი მიმიწვია რადიო „ალა“-ში ინტერვიუზე და იქ გავიცანი უფრო ახლოს. არ მინერვიულია, ძალიან გახარებული ვიყავი მასთან შეხვედრის გამო. მას აქვს გიჟური ენერგეტიკა. როცა კარიერის დასაწყისში ასეთი ადამიანები გიჭერენ მხარს, უფრო თავდაჯერებული ხდები.

ინტერვიუს დროს

წამყვანი იმითაც დაინტერესდა, საქართველოდან მოსკოვში წასულ ქეთა თოფურიას, რომელმაც რუსულიც კი არ იცოდა და მაშინვე ძალიან პოპულარულ ჯგუფში მოხვდა, თავში ხომ არ აუვარდა პოპულარობა.

„საქმე ის გახლავთ, რომ 7 წლიდან ვმღერი და 14 წლისა საქართველოში უკვე ძალიან პოპულარული ვიყავი. ისე არ მომხდარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და პოპულარული გავხდი. უბრალოდ, საქართველო ასე ვთქვათ, შედარებით მცირე ბაზარია, აქ კი გავფართოვდი.

დავიბადე საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, ბაბუა იყო სამშენებლო მასალების სფეროში დირექტორი. იმასაც ამბობენ, რომ მამა დამეხმარა კარიერის აწყობაში, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. მე მოსკოვში როცა ჩამოვედი, უკვე პოპულარულიც ვიყავი და შეძლებულიც.

„ა-სტუდიო“ საქართველოში იყო კონცერტებით, რა დროსაც გაიცნეს ქართველი პროდიუსერი ნატო დუმბაძე. შემდეგ, როდესაც ჯგუფიდან სოლისტი წავიდა, რატომღაც ნატოს დაუკავშირდნენ, – ნიჭიერ მომღერალს ვეძებთ, სასურელია – ბიჭი იყოს, რომ არ გათხოვდეს და ისევ სოლისტის გარეშე არ დავრჩეთო. როგორც შემდეგ ნატომ მითხრა, მე გავახსენდი, რადგან მაშინ ვმღეროდი „ა-სტუდიოს“ ერთ-ერთ სიმღერას. ჩემთვის არაფერი უთქვამს, გაუგზავნა ჩემი სიმღერების ჩანაწერები. როცა უთხრეს, რომ მოვეწონე, ამის შემდეგ დაურეკა დედაჩემს. ჩვენ ისედაც ვაპირებდით მოსკოვში გადმოსვლას, რადგან მამაჩემი უკვე აქ ცხოვრობდა.

გადმოსვლას ვაპირებდით ერთი წლის შემდეგ, რადგან სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და წელი უნდა დამემთავრებინა, რომ საბუთების გადმოტანა და სწავლის გაგრძელება შემძლებოდა. ისე მოხდა, რომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ახლა მაქვს საშუალო განათლება და საშუალო მუსიკალური განათლება.

მამაჩემი იყო სუპერმამა. ამბობენ და სრული სიმართლეა, რომ ის „კანონიერი ქურდი“ იყო. 90-იანებში ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით და მაშინ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იყო. ქუჩაში წესრიგს ისინი ამყარებდნენ. მამა წამალდამოკიდებულიც იყო. მაშინდელ საქართველოში ეს ერთგვარი დაავადება გახლდათ. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი და მამაჩემი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან თბილისში მისი გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ის ერთი პერიოდი დაკავებულიც იყო და ინფარქტი დაემართა.

ინტერნეტში იმასაც წერენ, რომ ის მკვლელი იყო, მაგრამ ეს არის ტყუილი. ახლა ავხსნი, რატომ გაჩნდა ეს აზრი საერთოდ: როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ეზოში ჩხუბში მოხვდა. მაშინ ის 17 ან 18 წლისა იქნებოდა. ამ ჩხუბის დროს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. სხვები გაიქცნენ, ის კი დარჩა და მკვლელი არ გათქვა. დანაშაული თავის თავზე აიღო. ამის გამო გაასამართლეს. მართალია, შემდეგ გაამართლეს, ამ საქმის გამო ნასამართლეობაც მოუხსნეს, მაგრამ ფრაზა, რომ ის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მაინც გაჟღერდა. მას მკვლელობა ნამდვილად არ ჩაუდენია“, – თქვა მომღერალმა, ინტერვიუში.

ქეთა თოფურიას ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი ქმარი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი იყო, რომელთანაც 5 წლის გოგონა – ოლივია ჰყავს.

მეორე ქმარი, ასევე ბიზნესმენი, ლევ დენგოვი იმ წვეულებაზე გაიცნო, სადაც მღეროდა. მომავალმა გერმა მასთან სურათის გადაღება მოინდომა, რომელიც მამამ გადაუღო. „ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, წვეულების შემდეგ ჩვენ სხვადასხვა ქალაქში წავედით, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი ტელეფონზე ვლაპარაკობდით“, – ამბობს ქეთა თოფურია და აღნიშნავს, რომ მისი მეორე ქმარი ნამდვილი მამაკაცია. ისინი სამი წელია, ერთად არიან და საერთო შვილიც ჰყავთ – ადამი, რომელიც 22 იანვარს ერთი წლის გახდება.

ქეთა თოფურია მეორე ქმართან, ლევ დენგოვთან ერთად

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close