fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც „შობის გაუქმების“ მცდელობაშიც კი დაადანაშაულეს

რომის პაპმა ევროკავშირის მიერ „ინკლუზიური ენის დანერგვის“ მცდელობა დიქტატურას შეადარა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „ინკლუზიური ენის დანერგვის“ შესახებ. საუბარია თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ჰელენა დალის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენების თაობაზე.

დოკუმენტში ევროკომისიის წევრებს მოუწოდებდნენ, სიტყვით გამოსვლისას აღარ გამოეყენებინათ მიმართვა – „ქალბატონებო და ბატონებო“ და მის ნაცვლად ეთქვათ – „ძვირფასო კოლეგებო“, რომელიც უფრო „უნივერსალურია“ და სქესზე მინიშნებას არ შეიცავს.

30-გვერდიან დოკუმენტში მოყვანილ რეკომენდაციებს შორის ყველაზე სადავო მაინც შობის დღესასწაულთან დაკავშირებული რეკომენდაცია აღმოჩნდა. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის წევრებმა „არ უნდა გამოიყენონ ტერმინი „საშობაო არდადეგები“, რადგან ეს სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის შესაძლოა სტრესული იყოს“.

აღნიშნული დოკუმენტი მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა, ევროკომისია „შობის გაუქმების“ მცდელობაშიც კი დაადანაშაულეს, რის გამოც მან ეს დოკუმენტი უკან გაიწვია.

ამ დოკუმენტს რომის პაპიც გამოეხმაურა და ევროკავშირს მოუწოდა, „არ აირჩიოს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზა“. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ევროკომისიის ქმედებები „დიქტატორული რეჟიმების ნაბიჯებს ჰგავს“.

„ისტორიაში ბევრმა დიქტატორმა ცადა მსგავსი რამის გაკეთებას. გაიხსენეთ ნაპოლეონი… გაიხსენეთ ნაცისტი დიქტატორები, კომუნისტი დიქტატორები. ეს არის ის, რამაც ისტორიის განმავლობაში არ იმუშავა“.

ბრიუსელი „ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ წავიდეს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზით, რამაც შესაძლოა ქვეყნების დაყოფა და ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს თითოეული ქვეყნის შიდა სტრუქტურას, მის მრავალფეროვნებას და არ ეცადოს მათ ერთგვაროვან ქვეყნებად გადაქცევას – არ ვფიქრობ, რომ ის ამის გაკეთებას დაიწყებს, ეს არ იყო მისი განზრახვა, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს “, – განაცხადა რომის პაპმა.

პონტიფიკოსის თქმით, „დემოკრატია სუსტდება, როდესაც ეროვნულ ღირებულებებს მსხვერპლად სწირავენ და „ჩარეცხავენ“ იმპერიის, ერთგვარი ზენაციონალური სახელმწიფოს სასარგებლოდ“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close