პოლიტიკასაზოგადოება

იტალია: „მწვანე საშვი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რეგიონების პრეზიდენტები მოსწავლეებისთვის გამონაკლისს ითხოვენ

ერთ დღეში 120 ათასი მგზავრი შემოწმდა, 3 000 დაჯარიმდა, მათ შორის, 2 000-ზე მეტი - ნიღბის უქონლობის გამო

გუშინ, 6 დეკემბერს იტალიაში პოლიციამ 119 539 ადამიანი შეამოწმა „მწვანე საშვზე“ და 937 დააჯარიმა. კიდევ 2077 ადამიანს კი სანქცია დაეკისრა პირბადის უქონლობის გამო. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 დეკემბერს იტალიაში ძალაში შევიდა ე. წ. სუპერ გრინპასი, რომელიც მხოლოდ აცრილ და კოვიდგადატანილ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ე. წ. „საბაზო მწვანე საშვის“ (რომლის მიღება შესაძლებელია ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზეც) გარეშე აკრძალულია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის „მწვანე საშვი“ 12 წლიდან მოსწავლეებსაც მოეთხოვებათ, მაშინ როდესაც სკოლაში გაკვეთილების დასასწრებად მათ „მწვანე საშვი“ არ სჭირდებათ. ეს გარემოება გაუგებრობას იწვევს და რეგიონების პრეზიდენტები მოითხოვენ, მთავრობამ გამონაკლისი დაუშვას მოსწავლეებისათვის, რომლებიც სკოლაში ავტობუსით, ტრამვაით, მეტროთი ან მატარებლით მიდიან.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მეცადინეობები არ გააცდინონ, რეგიონების მეთაურები ამბობენ, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებს მაინც უნდა შეეძლოთ „მწვანე საშვის“ გარეშე.

ერთ-ერთი მათგანია ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის პრეზიდენტი მასიმილიანო ფედრიგა, რომელიც გუშინდლიდან დაცვის ქვეშ იმყოფება ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მხრიდან მუდმივი მუქარის გამო. ფედრიგა სვამს კითხვას – რა უნდა ქნან იმ მოზარდებმა, რომლებსაც 12 წელი დეკემბერში უსრულდებათ?

კალაბრიის პრეზიდენტმა რობერტო ოკიუტომაც „საღი აზრი“ უწოდა იმას, რომ მოსწავლეებმა კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა „მწვანე საშვის“ გარეშე.

რეგიონების საკითხთა მინისტრმა მარიასტელა ჯელმინიმ განაცხადა, რომ მზად არის საკითხის შეფასებისთვის და  ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ მომენტში პრიორიტეტი „საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებაა“.

ზოგიერთი რეგიონის მეთაურმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაც მიიღო – მაგ., ტრენტოს პროვინციის ხელმძღვანელმა მაურიციო ფუგატიმ განაცხადა, რომ ამ პირველ დღეებში „არ იქნება მოსწავლეების მიზანმიმართული კონტროლი“.

გუშინ ახალი შეზღუდვების ძალაში შესვლამ პრობლემები შეუქმნა მოქალაქეებს და განსაკუთრებით ქალაქგარე სკოლების  მოსწავლეებს. მაგ., კატანიაში მოსწავლე გოგონა პროვინციიდან ავტობუსში არ აუშვეს იმის გამო, რომ პირველი დოზის მიღების მიუხედავად მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა „მწვანე საშვი“.

შს მინისტრის მოადგილემ კარლო სიბილამ Radio Capital-ის გადაცემაში განაცხადა, რომ სამინისტრო არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე სტუდენტებისთვის  „უბრალო“ მოთხოვნების გამო. „უნდა გაგრძელდეს გეზი, ინსტრუმენტი მუშაობს, მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურებაა და ცოტა ჯარიმაა… აპლოდისმენტები იტალიელ მოქალაქეებს წესების დაცვისთვის „სუპერ გრინპასის“ მოქმედების დაწყების პირველ დღეს“, – აღნიშნა სიბილამ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close