მედიცინაიტალია

იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იტალიელმა მეცნიერებმა კი მისი პირველი გამოსახულება წარმოადგინეს

იტალიაში 27 ნოემბერს კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტი (ISS) იტყობინება. როგორც ცნობილია, აფრიკის სამხრეთში აღმოჩენილ ახალ შტამს სახელი ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით დაარქვეს. 

მილანის ჰოსპიტალ Сассо-ს ლაბორატორიის სპეციალისტებმა ამ ახალი შტამის გენომის სეკვენირება მოახდინეს ინფიცირებულისგან, რომელიც იტალიაში მოზამბიკიდან ჩაფრინდა.

„პაციენტი და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები თავს კარგად გრძნობენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ტესტების პასუხებიც კვლევას დაექვემდებარება. დაავადების შემთხვევა კამპანიის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა.

ამასთან, 27 ნოემბერს იტალიელმა მეცნიერებმა  ახალი შტამის – ომიკრონის ცილის მსოფლიოში პირველი გამოსახულება – „ფოტოგრაფია“ წარმოადგინეს, გამოყოფილია უამრავი მუტაცია. საუბარია ლაბორატორიულ რეკონსტრუქციაზე.

გამოსახულებაზე წარმოდგენილია 2 შტამის ცილები – წითლად აღნიშნულია ყველაზე მეტად შეცვლილი უბნები. თუ დელტა შტამში მუტანტი ამინომჟავების ნარჩენები 18 იყო, ახალ ვარიანტში – 43-ია. ეს მუტაციები, სპეციალისტების თქმით, „კონცენტრირებულია უპირველესად იმ ცილის უბანში, რომელიც ადამიანის უჯრედთან ურთიერთქმედებს“. მათივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ადაპტირებულია ადამიანის სახეობისთვის. ამასთან, გახდა თუ არა ის უფრო სახიფათო, ამას შემდგომი კვლევები აჩვენებს.

რამდენიმე დღის წინ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განაცხადეს კორონავირუსის ახალი შტამის – B.1.1.529-ის გამოჩენის შესახებ, რომელიც 32 მუტაციას შეიცავს S-ცილაში. მკვლევართა აზრით, ბევრი მათგანი მიუთითებს ამ ვარიანტის მაღალ ტრანსმისიურობასა და ვაქცინებისადმი მდგრადობას, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დარეგისტრირებულია ამ შტამით ინფიცირების 100-მდე შემთხვევა. რამდენიმე ინფიცირებული არის ჰონკონგში, ისრაელსა და ბელგიაში. 27 ნოემბერს ბრიტანეთმაც დაადასტურა ომიკრონ შტამის 2 შემთხვევა, მანამდე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში.

პარასკევს, 26 ნოემბერს საგანგებო სხდომაზე ჯანმომ აღიარა, რომ B.1.1.529 „შეშფოთებას იწვევს“ და მას „ომიკრონი“ (Omicron) უწოდა – ბერძნული ანბანის მე-15 ასოს შესაბამისად.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა აფრიკის სამხრეთით მდებარე 7 ქვეყნიდან რეისები აკრძალა და გაამკაცრა რეგულაციები იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ ბოლო 14 დღის განმავლობაში..

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში ამოქმედდება რეგულაციები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით  8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში ექვემდებარება ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია: სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close