საზოგადოება

ეკატერინა II „ვაქსერი“ იყო თუ „ანტივაქსერი“? – იმპერატრიცას წერილი ვაქცინაციის შესახებ აუქციონზე გაიყიდება

რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-ის წერილს შავ ჭირზე ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და მის პორტრეტს, რომელიც დმიტრი ლევიცკის მიერაა შესრულებული, აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, სააუქციონო სახლ MacDougalls’s-ის წერილზე დაყრდნობით. აუქციონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ წერილი ნამდვილად იმპერატრიცას ხელითაა შესრულებული.

„ეკატერინას წერილისა და ავტოგრაფების ნამდვილობა აკადემიკოსმა ხრომოვმა დაადასტურა. ეს სრულიად გამაოგნებელი დოკუმენტია –  არა უბრალოდ კალმით მონახაზი, არამედ დეტალური აღწერა. ეკატერინა პირველი ადამიანი იყო რუსეთში, რომელიც აიცრა“, – განაცხადა MacDougalls’s-ის დირექტორმა ეკატერინა მაკდუგალმა.

ეკატერინა II შავ ჭირზე აიცრა 1768 წლის ოქტომბერში, როდესაც ეპიდემიამ რუსეთი და მთელი ევროპა მოიცვა.

როგორც ცნობილია, იმ მომენტისთვის ვაქცინაციისთვის ვარიოლაციის მეთოდი გამოიყენებოდა – ასაცრელ ადამიანს რამდენიმე ადგილზე უჭრიდნენ ხელს და ჭრილობებში შავი ჭირის მასალა შეჰქონდათ. ეს ხდებოდა, მაგალითად, ჭრილობაზე ძაფის გაჭიმვით, რომელიც დაავადებული ადამიანისგან აღებულ ჩირქში იყო ამოვლებული.

ასეთი მეთოდით აცრილთა შორის სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენდა, რაც 20-ჯერ ნაკლები იყო აუცრელთა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

როგორც ირკვევა, ეკატერინა მეორემ წერილი ყირიმში მოგზაურობისას მისწერა გენერალ-ფელდმარშალ გრაფ პიოტრ რუმიანცევს. მონარქი გრაფს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს, როგორ უნდა მოეწყოს ვაქცინაციის კამპანია სახელმწიფო დონეზე, რადგან მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე „დიდია ზარალი, განსაკუთრებით უბრალო ხალხში“ («великий вред особливо в простом народе»).

ექსპოზიცია 19-30 ნოემბერს მოეწყობა მოსკოვში, ტაგანკაზე, ზუბოვების რეზიდენციაში, აუქციონი კი პირველ დეკემბერს გაიმართება ლონდონში.

ეკატერინა II-ის წერილს და მის პორტრეტს ერთ ლოტად გამოიტანენ და მისი საწყისი ფასი 0,8–1,2 მლნ გირვანქა სტერლინგი იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close