fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

მაკრონმა საფრანგეთის დროშა შეცვალა (ვიდეო)

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის სახელმწიფო დროშა შეცვალა. ამის შესახებ lepoint.fr წერს.

საფრანგეთის დროშა კვლავ სამფერია – ლურჯ-თეთრ-წითელი, თუმცა ამიერიდან მასზე პირველი, ლურჯი ზოლი უფრო მუქი ტონალობისა – ზღვის ფერი იქნება (bleu marin).

როგორც Europe 1 იტყობინება, რომელმაც ინფორმაცია პირველმა გაავრცელა კვირას, პრეზიდენტმა მაკრონმა შესაბამის ბრძანებულებას ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში მოაწერა ხელი თავისი სცენოგრაფის, არნო ჟოლანსის რჩევების გავლენით, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ არ გამოცხადებულა. პრეზიდენტის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ დაბრუნებოდნენ 1793 წლის დროინდელ დროშას – საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლოს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სხვა ბევრი ოფიციალური დაწესებულება ყოველთვის უფრო მუქლურჯი შეფერილობის დროშებს იყენებდნენ.

საფრანგეთში ყველა დროშა არ შეცვლილა (ჯერჯერობით  მაინც). მუქლურჯი ელფერი უკვე არის დროშებზე, რომლებიც აღმართულია ოფიციალურ დაწესებულებებზე, მათ შორის, ელისეს სასახლეზე, ნაციონალური ასამბლეისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელისეს სასახლეში დროშის ახალ შეფერილობასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებები წარმოიშვა. პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების არგუმენტია ის, რომ ახალი ფერი ულამაზოა და თან ევროკავშირის დროშის ფერს არ ემთხვევა. მათი აზრით, აქედან გამომდინარე, ფერის შეცვლა შეიძლება ევროკავშირის საწინააღმდეგო ჟესტად იყოს აღქმული (შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი 2022 წლის იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება).

დროშა, რომელიც 1789 წლის რევოლუციას უკავშირდება

„მარსელიეზასა“ და დევიზთან ერთად „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ («Liberté, Égalité, Fraternité») დროშა სამი ვერტიკალური ზოლით საფრანგეთის ერთ-ერთი ემბლემაა. მართალია საფრანგეთის დროშა 200 წელზე მეტია, არ შეცვლილა, მაგრამ ფერების ტონების შეცვლის პრეცედენტი არსებობს: 1976 წელს პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ’ესტენმა გადაწყვიტა დროშაზე ლურჯი და წითელი ფერები გაეღიავებინათ, რადგან ისინი მეტისმეტად „საბრძოლო ჩანდა“ და, ამასთან, ღია ლურჯი უფრო შეესაბამებოდა ევროკავშირის დროშის ლურჯს, რომლის გვერდზეც არის ხოლმე უმეტესწილად საფრანგეთის დროშა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close