მედიცინა

იაფი ანტიდეპრესანტი COVID-19-ის წინააღმდეგ: მეცნიერებმა პრეპარატი დაასახელეს

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ანტიდეპრესანტ ფლუვოქსამინის მიცემა ამცირებს მათი ჰოსპიტალიზაციის რისკებს, ნათქვამია სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში 1.497 არავაქცინირებული და კორონავირუსზე დადებითი ტესტის მქონე ბრაზილიელი მონაწილეობდა. ყველა მათგანი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი იყო – ასაკის, ამა თუ იმ თანამდევი დაავადებისა თუ სხვა რომელიმე ნიშნის გამო. მათგან 741 პაციენტი 10 დღის განმავლობაში ფლუვოქსამინს იღებდა, ხოლო 756-ს ექიმები პლაცებოს აძლევდნენ.

ცდებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც ნამდვილ ანტიდეპრესანტს იღებდნენ, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 32%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა.

ფლუვოქსამინის მიცემამ (10 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ 100 მგ) მაღალი რისკის პაციენტებისთვის, რომლებსაც COVID-19 ადრეულ ეტაპზე დაუდგინდათ, შეამცირა მათი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა“, – აცხადებენ მკვლევარები.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, „ფლუვოქსამინის უსაფრთხოების, გამოყენების სიმარტივის, დაბალი ფასისა და ფართო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, კვლევის შედეგებს შეუძლია გავლენა მოახდინოს COVID-19-ის მკურნალობის ეროვნულ და საერთაშორისო პრინციპებზე კლინიკურ პირობებში“.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ედვარდ მილსმა გამოცემა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ფლუვოქსამინი „შესანიშნავი ვარიანტია როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ქვეყნებისთვის“.

მისი თქმით, პრეპარატი უკვე ათობით წელია გამოიყენება და მისი ათდღიანი კურსი დაახლოებით 4 აშშ დოლარი ღირს.

აღინიშნება, რომ ფლუვოქსამინი აბესიურ-კომპულსიური აშლილობებისა და დეპრესიების დროს ენიშნებათ პაციენტებს.

ედვარდ მილსის განმარტებით, ადრინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ფლუვოქსამინს“ ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს, თუმცა მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, სახელდობრ როგორ მუშაობს პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ.

კვლევის ავტორებმა უკვე წარუდგინეს ცდების შედეგები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს (NIH). ამ უკანასკნელში განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ფლუვოქსამინის მიცემაზე რეკომენდაციის გასაცემად მეტი მტკიცებულებები ესაჭიროებათ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close