საზოგადოება

„მამაო ჩვენოს“ საოცარი განმარტება გია მურღულიასგან

საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო“ ყველა მორწმუნემ ზეპირად იცის. მის საოცარ განმარტებას გვთავაზობს ფილოლოგი გია მურღულია:

„საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო“

(აღქმის პიროვნული მცდელობა)

ეს ლოცვა ყოველმა ქრისტიანმა იცის – ის თავად იესომ ასწავლა თავის მოწაფეებსა და მთელ კაცობრიობას:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.“

1. სიტყვა „მამაო“ მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მამა ღმერთი ამ ლოცვაშიც ერთია და არსად და არასდროს შეიძლება იყოს მეტი. ის არის ყველაფრის საწყისი, შემოქმედი, მშობელი და მზრუნველი – ყველა თხოვნის ერთადერთი მიზანი.

2. ლოცვა იწყება მამა ღმერთით („მამაო ჩვენო“) და მთავრდება ეშმაკით – ბოროტით („ბოროტისაგან“), რომელიც მრავალსახოვანი, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით მაინც ერთია და უფლის წინაშე დგას, როგორც მისი ურჩი და წინააღმდგომი. დავაზუსტოთ: მთავრდება ეშმაკის არა უბრალო მოხსენიებით, არამედ მისი დათრგუნვის მოწოდებითა და იმედით. მამის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავისუფალი ნებით, ადამიანს არ ძალუძს საკუთარ თავსა და განზრახვას მიკუთვნებული დაცემული ანგელოზის, ლუციფერის დამარცხება. ჩვენ საკუთარი ნებით ვირჩევთ სიკეთეს, მაგრამ ძალიან ძლიერი ეშმაკისეული ნების დაძლევას მხოლოდ ზეციური მამის თანადგომით შევძლებთ.

3. სიტყვა „შენ“ სამჯერ არის ნახსენები, რაც ერთარსება სამებას მიანიშნებს. სამივე შემთხვევაში ნაცვალსახელს „შენ“ მოსდევს სიტყვა, რომელიც სამების ცალკეულ წევრს ახასიათებს: პირველ შემთხვევაში, „სახელი“ („წმიდა იყავნ სახელი შენი“) მიანიშნებს მამას; მეორე შემთხვევაში („სუფევა“) – იესოს, რადგან აქ გამოხატული თხოვნა („გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.“) ადამის დაცემის შემდეგ სწორედ მაცხოვარმა დააკმაყოფილა პირველად დედამიწაზე განხორციელებით; მესამე შემთხვევაში კი („იყავნ ნება შენი“) – სულიწმიდას, რადგან მამის „სიტყვის“ (სამების მეორე ჰიპოსტასის, „ძის“, იესოს, მაცხოვრის, მხსნელის) განხორციელებას, სიტყვის მოქმედებად გარდასახვას სწორედ მესამე ჰიპოსტასი განასახიერებს.

4. სიტყვა „ჩვენ“ ნახსენებია რვაჯერ და ადამიანის ცხოვრების მთავარ განზომილებებს ეხება სამი არსებითი თხოვნით (პირველი ხსენება მიმართვაა):

• „მამაო ჩვენო“ – ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი პიროვნული საწყისია;

• „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ – ეს თხოვნა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს მისი ღირსეული არსებობის (სიცოცხლის, ცხოვრების) ყველა აუცილებელი მატერიალური წანამძღვრით („პურის ქვეშ აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმ. ზიარების სადუმლოში ვღებულობთ, და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.“ – სიტყვა „პური“ ამ კონტექსტში („პური ჩვენი არსობისა“) სწორედ ამას გულისხმობს;

• „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.“ – ამ სიტყვებით ვითხოვთ, ღმერთმა ისევე მოგვიტეოს (გვაპატიოს) მის მიმართ ჩვენი ვალი, როგორც ჩვენ თავად შეგვიძლია ვაპატიოთ ჩვენს მევალეებს. ეს თხოვნა პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ, საბოლოო ანგარიშით, გარკვეული აზრით, ჩვენ თავადვე ვსაზღვრავთ საკუთარი ცხოვრებითა და მოქმედებით, რა და როგორ გვეპატიება. ეს პატიოსანი თხოვნაა, რადგან ადამიანი ითხოვს იმას, რაც თავადაც გაუცია. ყველა დანარჩენი თხოვნა მხოლოდ ღმერთის მოწყალებას გულისხმობს და მხოლოდ ეს ერთი ახსენებს „შესაბამისობის“ პრინციპს, რომელსაც პრინციპული სამართლიანობა ახლავს – მომექეცი მე ისე, როგორც მე ვექცევი სხვას.

• „ნუ შემიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“ – ეს თხოვნა იმას გულისხმობს, რომ უფალმა აგვარიდოს ისეთი საშიშროება თუ განსაცდელი, რომლისგან თავის დაღწევაც ჩვენს შესაძლებლობებს (და, ამდენად – პასუხისმგებლობასაც) აღემატება და, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, დაგვიხსნას ეშმაკის გავლენისგან.

5. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ლოცვაში ადამიანის სულ რამდენიმე არსებითი სურვილია გამოხატული, რომელთაგან პირველი სამი ( პირველი -„წმიდა იყავნ სახელი შენი“; მეორე – „მოვედინ სუფევა შენი“ და მესამე – „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“) თაყვანისცემას, მორჩილებასა და აღიარებას გამოხატავს, ხოლო მომდევნო სამი (პირველი -„პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“; მეორე – „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ და მესამე – „ნუ შემიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“) – ვედრებას, თხოვნას.

6. ლოცვაში ათი შემასმენელია: ხარ, იყავნ, მოვედინ, იყავნ, მომეც, მომიტევენ, მივუტევებთ, ნუ შემიყვან, მიხსენ, ამინ. ეს გასაგები და ადვილად ასახსნელია – ადამიანი ღმერთს ყველაზე სანუკვარ სურვილთა შესრულებას სთხოვს, რაც მოქმედებასთან არის დაკავშირებული. პირველი ცხრა გამოკვეთილად ღვთის მოქმედებაა. მეათეც, რა თქმა უნდა, მას უკავშირდება, რადგან მისი ნების აღსრულებას გულისხმობს. ამგვარი გაგებით, ეს „მოძრავი ლოცვაა“, მასში უფლისგან მონიჭებული სიცოცხლის, არსებობის, ცხოვრების სრული დინამიკა და სისავსე მოჩანს.

7. სულ ბოლოს უნდა ვთქვათ, რომ ეს ლოცვა არა მხოლოდ წუთისოფლით შეზღუდულ დროს, არამედ მარადისობას ეხმიანება და გამოხატავს – ქრისტიანი მლოცველი აღიარებს რომ ღვთის ნება წუთისოფელს და ზესთასოფელსაც თანაბრად, მუდმივად და უწყვეტად განმსჭვალავს („ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“) და ამ ნების გარეშე არასდროს არსად არაფერი მოხდება.
რა მცირე ტექსტია და როგორი საყოველთაოდ მნიშვნელოვანი!

ეს არის სამყაროსა და ადამიანის მომცველი 49 სიტყვა, რომელშიც ჩანს რწმენაც, სიყვარულიც, იმედიც და ძალმოსილებაც.

ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველდღე წარმოთქვამენ ამ ლოცვას – ასე იყო პირველი საუკუნიდან და ასე იქნება სამყაროს ბოლომდე.

რამდენადაც უფალმა ინება და რამდენადაც ჩვენ შეიძლება გვესმოდეს, ვცდილობთ, ამ 49 სიტყვის ჭეშმარიტება, იდუმალება და მშვენიერება განვჭვრიტოთ, გავიაზროთ და რამდენადაც მოვახერხებთ, გამოვხატოთ კიდეც.

ქრისტიანის სიცოცხლე იმით ფასდება, რამდენადაც ძალუძს ამ ლოცვის სიღრმესა და სიკეთეს დაამსგავსოს თავისი ამქვეყნიური ყოფა.

ამ ლოცვის წაკითხვისას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთს არ უყვარს მრავალსიტყვაობა.

მას უყვარს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისგან გადმოცემულ მცირედშიც დაინახოს სამყაროს შემოქმედის სიყვარულისა და სიმართლის ყოვლისგადამლახავი ძალმოსილება.”

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close