მიგრაციადასაქმება

ისრაელში დასაქმების სახელმწიფო პროგრამით საქართველოდან ჯერ ვერავინ დასაქმდა – მიზეზები

ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით, რომელზეც რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, ჯერჯერობით საქართველოს არცერთი მოქალაქე დასაქმებულა. ამის შესახებ BMG-ს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის მდგომარეობით, შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაცია სულ საქართველოს 1 563-მა მოქალაქემ გაიარა, თუმცა ისრაელში მხოლოდ 125 პირის განაცხადი გადაიგზავნა, რადგან დანარჩენი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

„აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს შერჩევის რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ენის ცოდნის მინიმალური სტანდარტის შემოწმებას (ახორციელებს ქართული მხარე), ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრების წინარე ისტორია (შემოწმებას ახორციელებს ისრაელის მხარე) და სხვა. ამ ეტაპების გავლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 125 განაცხადიდან განხილვის პროცესში სულ 60 განაცხადი დარჩა (თუმცა დარჩენილი არის შერჩევის დამატებითი პროცედურები)“, – აცხადებენ სააგენტოში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობითვე, შეთანხმების განხორციელების პროცესსა და ტემპებზე გავლენას ძირითადად ახდენს ის ფაქტი, რომ ისრაელის მხარის მიერ მოთხოვნილია შინმოვლის სპეციალობით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხშირ შემთხვევაში გამოწვევაა.

აღსანიშნია, რომ აპლიკანტები, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მინიმალური სტანდარტი გადალახეს, მაგრამ ჯერჯერობით, მოთხოვნები სრულად ვერ დააკმაყოფილეს, საქართველოშივე, კოლეჯებში გადამზადდებიან. ამის შესახებ 25 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ პარლამენტში თქვა.

ფაქტს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოშიც ადასტურებენ: „მიმდინარეობს მუშაობა პროფესიულ სასწავლებლებთან, კოლეჯებთან, რათა უფრო აქტიურად მოხდეს აღნიშნული პროფესიის მქონე პირთა მომზადება/გადამზადება, რომლებიც შემდგომ უფრო მყარად და ხანგრძლივად დასაქმდებიან როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ისარგებლებენ ზემოხსენებული შეთანხმებით და გაემგზავრებიან დროებით, ლეგალურად ისრაელის სახელმწიფოში, შრომითი გამოცდილების მისაღებად”.

ამ პროგრამით BMG ივლისშიც დაინტერესდა. სააგენტოში მაშინაც გვითხრეს, რომ საბოლოო შერჩევისთვის ისრაელში 60 განაცხადი გაიგზავნა და ისრაელის სახელმწიფოსგან საბოლოო დასტურს ელოდებიან.

„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი წელს, 12 აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს (დღევანდელი კურსით – 1678 აშშ დოლარი) შეადგენს. რაც შეეხება კვოტას, სააგენტოს ცნობით, წლის ბოლომდე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება იგეგმებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close