მედიცინა

გონებრივი პრობლემები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა 25%-ს აღენიშნება – კვლევა

საშუალოდ, ყოველ მეოთხე ადამიანს მათ შორის, რომლებმაც  დაავადება Covid-19 გადაიტანეს, კოგნიტიური დეფიციტი აღენიშნება 7 თვის შემდეგაც კი, – ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები.

NBC News-ის ინფორმაციით, იკანის სამედიცინო სკოლის მკვლევრები ამბობენ, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანებს აღენიშნებათ გონებრივი დარღვევები, როგორიცაა: მეხსიერების გაუარესება, აღქმის და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის დაქვეითება, რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების შეუძლებლობა. ეს სიმპტომები კოვიდგადატანილი პაციენტების 25%-ს აწუხებს და ბევრ მათგანს დაავადებიდან 7 თვის შემდეგაც რჩება.

მკვლევრებმა კვლევა იმ 740 პაციენტზე ჩაატარეს, რომლებმაც მკურნალობა პანდემიის პირველივე დღეებიდან ჩაიტარეს Mount Sinai-ს სისტემით ნიუ-იორკში.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ხანგრძლივვადიან კოგნიტიურ დარღვევებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში“, – ამბობს კვლევის ავტორი ჟაკლინ ბეკერი.

კოვიდის გადატანის შემდეგ ყველაზე გავრცელებული კოგნიტიური დეფიციტი არის ახალი მოგონებების შენახვის პრობლემა (როგორც წესი, ძველად მომხდარი ფაქტები ადამიანს კარგად ახსოვს, ახალს კი ძნელად იმახსოვრებს); სხვა დარღვევებს შორისაა ინფორმაციის დამუშავებისა და რაიმე მოქმედების შესრულების ფუნქციის (დაგეგმვა, ინიციირება, ორგანიზება, დასკვნების გამოტანა) არასაკმარისი სიჩქარე.

დოქტორი ჰელენ ლავრეცკი, ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკის დირექტორი და ფსიქიატრიის პროფესორი ამბობს, რომ ზოგჯერ კოვიდგადატანილ პაციენტებს კლინიკიდან გაწერის შემდეგ არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა.

„მათ არ შეუძლიათ ფუნქციონირება, ფიქრი, მათი მეხსიერება დარღვეულია, თავგზა ერევათ. როდესაც სადმე მიდიან, ამბობენ, რომ არ იციან, იქ როგორ აღმოჩნდნენ“, – აცხადებს პროფესორი.

ამასთან, დარღვევები აღენიშნებათ არა მარტო ხანდაზმულ ადამიანებს, არამედ ახალგაზრდებსაც. დაავადება კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით გადატანა არ არის გარანტია იმისა, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეიქმნება, ამიტომ ჟაკლინ ბეკერის რეკომენდაციაა, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ფსიქიკურ დარღვევებზე სკრინინგი მკურნალობის სტანდარტად იქნას მიღებული პაციენტის ასაკის მიუხედავად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close