მოსკოვში დღეს ამოვარდნილმა ქარიშხალმა კრემლის კედელი დააზიანა. ტელეგრამ-არხები აქვეყნებენ წითელ მოედანზე გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება კედლის გარეთა მხარეს დროებითი სამშენებლო კონსტრუქცია და მასთან ერთად როგორ ინგრევა, სულ ცოტა, ერთი ქონგური. ეს სპასკის კოშკსა და ლენინის მავზოლეუმს შორის მონაკვეთზე მოხდა.
В соцсетях появились фото и видео с обрушением строительных лесов у Кремля из-за сильного ветра. Очевидцы пишут, что из-за порыва ветра у кремлевской стены отвалился зубец. pic.twitter.com/E3xbkxWxu3
— РБК (@ru_rbc) October 22, 2021
პარასკევს, 22 ოქტომბერს მოსკოვში ქარიშხლის საფრთხე გამოცხადდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში დღისით ძლიერი წვიმა დაიწყო, ქარის სიჩქარე ზოგჯერ წამში 20 მ-ს აღწევდა.
წითელ მოედანზე კედლის ქონგურების ჩამონგრევის დროს წვიმა არ იყო, იქ ხალხი სეირნობდა, თუმცა შემდეგ მოედანი გადაკეტეს, რათა ადამიანები ქარიშხლისგან არ დაზარალებულიყვნენ.
ჰიდრომეტცენტრის ცნობით, საღამოს მოსკოვში ისევ შენარჩუნებული იყო გაძლიერებული საფრთხე ამინდის გამო, ქარის სიჩქარე 15-20 მ/წმ-ს აღწევდა. მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ გამოვიდნენ სახლებიდან და არ მიუახლოვდნენ არამყარ კონსტრუქციებს.
ამ ვიდეოშიც ჩანს, როგორ დააფრიალებს ქარი ქალაქის ქუჩებში ნაგვის კონტეინერებს თუ სხვადასხვა კონსტრუქციის ფრაგმენტებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები