კრიმინალისაქართველო

იკვეთება თუ არა „ქურდული სამყაროს“ კავშირი 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში

რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, 18 ოქტომბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

25 წლის ანასტასია შატალოვას 7 ტყვია სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ახალგაზრდა ქალს, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. ღამის პირველის ნახევარზე მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით ესროლეს. დაჭრილი ქალი შველას ითხოვდა, თუმცა თავდასხმიდან რამდენიმე წამში ის ადგილზე გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ვერსია, რომლის არსებობაც ადვოკატმა არც უარყო და არც დაადასტურა,  ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან ე.წ. კანონიერი ქურდის კავშირია. „კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება დაკვეთის ვერსიაზე მუშაობს.

კერძოდ, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, ლაშა ბა­რა­თე­ლს, იგი­ვე „ჭიას“ ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.

„კურიერისთვის“ ცნობილია ისიც, რომ მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის, ფიგურირებს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. „რუსთავი 2“-ისთვის  მიცემულ პირველ კომენტარში შატალოვას დედამ თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.

ოჯახის პოზიციას კი ანასტასია შატალოვას ინტერესების დამცველი აჟღერებს. პაატა შავაძემ შატალოვას გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა. ადვოკატის თქმით, ჯერ კიდევ თვეების წინ ქალი ზურაბ ბერიძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა; ოქმში წერია, რომ ზეწოლა მცირეწლოვან ბავშვზეც ხორციელდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, დამკვეთი, სავარაუდოდ, ანასტასია შატალოვას მეგობარი მამაკაცი, ეროვნებით ჩეჩენია, რომელიც სპორტული აღნაგობისაა და გოლფის სათამაშოდ ხშირად დადის, მათ შორის რამდენიმეჯერ ანასტასია შატალოვასთან ერთადაც იყო.

სანამ გამოძიება შესაძლო დამკვეთის კვალზე გავა, მანამდე საქმეში 3 დაკავებულია. ისინი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში დარჩნენ. პროცესი, რომელზეც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მხარეებმა მტკიცებულებების შესახებ ისაუბრეს, ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ადვოკატებისგან განსხვავებით, ბრალეულობის დამამტკიცებელ უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი. ამოღებული ნივთები, აუდიო- და ვიდეომასალა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, როგორ აზიანებს ელექტროკაბელებს სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღით ადრე, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა – ეს იმ მტკიცებულებების ნაწილია, რომლებიც ბრალდების მხარის თქმით, სამივე დაკავებულის დანაშაულში მონაწილეობას ადასტურებს.

მედიის ინფორმაციით, რუსული მხარე საქართველოს აუცილებელ სამართლებრივ ქმედებაში დახმარებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის დროულ გადაცემას სთხოვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close