fbpx
საზოგადოებასაქართველო

მაშველები ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევების გაწმენდას და შიგ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ (ვიდეო)

დაახლოებით 4 საათია, რაც მაშველები ცდილობენ, დღის 12-ის ნახევარზე ბათუმში მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევების გაწმენდას და დაშავებულების ამოყვანას. მაშველები, ძირითადად, ხელით მუშაობენ, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან.

ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება ერთ დაშავებულ ბავშვზე, რომელიც სახლის ჩამონგრევის მომენტში 26 მაისის ქუჩაზე მდგარ მანქანაში იმყოფებოდა. 1,3 წლის ბავშვი ნანგრევებიდან, საბედნიეროდ, ცოცხალი გამოიყვანეს. მას აღენიშნება დაზიანებები, თუმცა გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია. ბავშვს უტარდება შესაბამისი კვლევები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ნანგრევებში მოყოლილებიდან 2 ადამიანს მობილური ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა მაშველებთან და ახლობლებთან. ერთ-ერთი ამბობს, რომ ფეხი აქვს დაზიანებული. ერთ-ერთი მათგანისთვის წყლის მიწოდებასაც კი ცდილობდნენ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, რომელსაც ის  თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს, ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. მათივე წყაროს ცნობით, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში სულ 15 ოჯახი ცხოვრობდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

ჩამონგრეულ კორპუსში, ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა.

7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს  ლიფტის კონსტრუქციაც მოგვიანებით მიაშენეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სახლი ავარიულად არ იყო შეფასებული. კორპუსი მოულოდნელად ჩამოინგრა. არსებობს ადგილობრივთა ვარაუდები, თუმცა ნგრევის ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არ დადასტურდა ინფორმაცია, თითქოს ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია.

მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა დაზარალებულს სახელმწიფო დახმარებას გაუწევს.

ნინო ხოშტარია

მასალა განახლდება

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close