fbpx
მსოფლიო

ესპანეთში, კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო (ვიდეო)

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ამოფრქვევას სეისმური ბიძგების სერია უძღვოდა წინ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კანარის კუნძულების ვულკანოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობში კუნძულ პალმაზე, ვულკან კუმბრე ვიეხას (Cumbre Vieja) რაიონში 25 ათასზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი, რიხტერის სკალით 4,2  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, 19 სექტემბერს მოხდა.

ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო კვირა დილიდან ადგილობრივმა მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ევაკუაცია დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებდა, ვულკანის მიმდებარე რაიონებს გარიდებოდნენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ვითარებას აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ლა პალმას მხარდასაჭერად მზად არის.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, რამდენიმე გზა დაზიანდა.

ვულკანოლოგმა სტავროს მელეტიდესმა „როიტერსს“ უთხრა, რომ ამოფრქვევის შედეგად ვულკანის ფერდებზე 5 ნაპრალი წარმოიქმნა და ამ დროისთვის არავის შეუძლია თქვას, რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი.

კუნძული პალმა ვულკანური წარმოშობისაა, მის ცენტრალურ ნაწილში ვულკანების მწკრივია. ბოლოს აქ მასშტაბური  ამოფრქვევა 1971 წელს მოხდა, როდესაც ვულკანმა ტენეგიამ გაიღვიძა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close