fbpx
კრიმინალისაზოგადოება

იტალიის პოლიცია საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილის, 6 წლის ეითანის გატაცებას იძიებს

იტალიის ქალაქ პავიის პროკურატურა იძიებს 6 წლის ბიჭის – ეითან ბირანის გატაცების საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ლაგო მაჯორეს ტბისა და მოტარონეს მთის დამაკავშირებელი საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილია, – ამის შესახებ BBC წერს.

საბაგიროს ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ეითანის ორი წლის ძმა, მშობლები და პაპა და ბებია. ეითანი, რომელსაც მრავლობითი ტრავმა ჰქონდა, ექიმების მცდელობის შედეგად გადარჩა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მამიდასთან ცხოვრობდა, რომელმაც მასზე მეურვეობა მიიღო.

ეითანი დედ-მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად – ფოტო ფეისბუქიდან

არსებული ინფორმაციით, გასულ შაბათს ბიჭი პაპამ – დედის მამამ ბავშვი ერთი დღით თავისთან წაიყვანა მამიდასთან შეთანხმებით, თუმცა მეორე დღეს კერძო თვითმფრინავით ისრაელში გადააფრინა. ბავშვის მშობლები ისრაელის მოქალაქები იყვნენ და ბიჭს ისრაელის პასპორტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბიჭის პაპამ ბავშვის შვილად აყვანაზე განაცხადი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა, თუმცა სასამართლოს ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

„ჩვენ ის არ მოგვიტაცია, ის სახლში წამოვიყვანეთ“, – თქვა ბიჭის დეიდამ ისრაელის რადიო 103FM-თან საუბრისას და აღნიშნა, რომ ავარია სანამ მოხდებოდა, ბავშვის მშობლები ისრაელში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას (ისინი რამდენიმე წელი იტალიაში ცხოვრობდნენ).

ეითანის მამიდამ კი, რომელიც ბავშვის კანონიერი მეურვეა, მის ისრაელში წაყვანას ბიჭისთვის „კიდევ ერთი ტრაგედია“ უწოდა. ქალმა საჩივარი შეიტანა პოლიციაში.

იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პავიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კვალიფიკაციით – ადამიანის გატაცება დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც ბიჭის პაპამ – ბატონმა პელეგმა ჩაიდინა და მოუწოდა მას, დააბრუნოს ბიჭი, ბავშვის უფლებების შესახებ ჰააგის კონვენციის შესაბამისად.

იტალიურმა მხარემ იეთანის მამიდის სარჩელი ისრაელის ცენტრალური ოლქის პოლიციას გადასცა.

პელეგის ადვოკატების მტკიცებით, მათი კლიენტი „იმპულსურად მოქმედებდა“ იმის შიშით, რომ ეითანს დედის მხრიდან ნათესავებთან არ გაუშვებდნენ და რომ ბავშვი არ ღებულობდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close