იტალიასაზოგადოება

როგორია საბაგიროს ინციდენტისას გადარჩენილი ბავშვის მდგომარეობა და რა გადაწყვეტილება მიიღო იტალიის სასამართლომ დაკავებულების მიმართ?

იტალიის სასამართლომ საბაგიროს ჩამოვარდნის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპატიმროდან გაათავისუფლა, მათგან ერთს კი შინაპატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს არაგანზრახ მკვლელობისა და დაუდევრობის მუხლით. შინაპატიმრობაში მყოფი პირი საბაგიროს მომსახურების მენეჯერია.

შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბაგიროს კაბინა მთა მოტარონეს სიახლოვეს ჩამოვარდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი – 9 და 2 წლის ბიჭუნები. ერთადერთი გადარჩენილი კაბინაში მყოფი ხუთი წლის ეითან ბირანია, რომელიც ამ დრომდე ტურინის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. იგი დაღუპული 2 წლის ბიჭუნას ძმაა.

ეითანი უბედური შემთხვევის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ტურინის რეჯინა მარგერიტას ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა, იგი ახლა დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა ექიმების თქმით, საუბარი მაინც უჭირს. მან კიდურების მოტეხილობებთან ერთად, მუცლის და გულმკერდის ტრავმაც მიიღო. მის გვერდით მისი დეიდა აია და ბებიაა, რომელიც ისრაელიდან ცოტა ხნის წინათ ჩამოვიდა.

გუშინ „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვმა ჭამა დაიწყო. ექიმების თქმით, მან პირველად მიიღო მსუბუქი და რბილი საკვები. მათივე ინფორმაციით, ეითანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუმცა პროგნოზზე დარწმუნებით არ საუბრობენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პირველი კითხვა, რომელიც შოკიდან გამოსვლის შემდეგ ეითანმა დასვა, იყო – „სად არიან დედა და მამა?“ უცნობია, გაუმხილეს თუ არა ტრავმირებულ ბავშვს ოჯახის წევრების დაღუპვის ამბავი.

ალპებში მოხდარმა ტრაგედიამ ეითანის 26 წლის დედა – თალი, 30 წლის მამა – ამიტი, უმცროსი ძმა – 2 წლის ტომი, 71 წლის ბებია – ბარბარა კონინსკი და 81 წლის პაპა – იცხაკ კოენი შეიწირა. ებრაელი წყვილი, შვილებთან ერთად, პავიაში ცხოვრობდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close