პოლიტიკაპოლიტიკაnews

საბერძნეთის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ხაზგასმით ითქვა აღნიშნულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და იმედი გამოითქვა, რომ 2024 წელს საქართველო მზად იქნება გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის თაობაზე.

დიმიტრიოს კარაბალისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და იმედი გამოთქვეს, რომ პანდემია ვერ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოსა და საბერძნეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close