ისრაელის სამართალდამცავი უწყებები ეძებენ ექვს პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, მათ მკაცრი რეჟიმის ციხის საკნის იატაკიდან გვირაბი გათხარეს და გაქცევა ასე შეძლეს.
გაქცეულ პირებს შორის არიან დაჯგუფება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილი მეთაური, ასევე, „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი წევრი. ყველა გაქცეული პატიმარი სასჯელს 2000-2005 წლებში ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმებისთვის იხდიდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გილბოას ციხიდან პატიმრების გაქცევის შესახებ ხელისუფლებამ ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერისგან შეიტყო, რომელმაც ციხის მიმდებარე მინდვრებში „მამაკაცთა საეჭვო ჯგუფი“ შენიშნა. ამის შემდეგ „გილბოას“ ციხეში განგაში გამოცხადდა. დილის 4 საათზე ციხის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ საპატიმროს ექვსი მსჯავრდებული გაუჩინარდა.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გვირაბის გათხრა პატიმრებმა საკანში, ნიჟარის ხვრელიდან დაიწყეს და ის ციხის გარე ტერიტორიამდე გაიყვანეს. გვირაბი საკმაოდ ვიწროა, თუმცა ოფიციალური პირების შეფასებით, სავსებით შესაძლებელია მასში ადამიანის გაძრომა. მათივე თქმით, პატიმრებმა გვირაბი 2 თვეში გათხარეს, სავარაუდოდ, ჟანგიანი კოვზით, რომელსაც კედელზე გაკრული პლაკატის უკან მალავდნენ.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში ვარაუდობენ, რომ პატიმრებს კონტრაბანდული მობილური ტელეფონის საშუალებით კონტაქტი ჰქონდათ ციხის გარეთ მყოფ პირებთან, რომლებიც გაქცეულებს მანქანით დახვდნენ.
וכך זה נראה מתוך תא 2 אגף חמש בכלא גלבוע.
פיר מנהרה בשירותים שהוביל אל מחוץ לחומות הכלא pic.twitter.com/IsKfG8B56R— Josh Breiner (@JoshBreiner) September 6, 2021
ადგილობრივი მედიის ცნობით, „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი გაქცეული წევრიდან ოთხს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავდასხმების დაგეგმვის ან განხორციელების ბრალდებით, მეხუთე ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილ მეთაურს ზაქარია ზუბეიდის, ის 2019 წელს დააკავეს რამდენიმე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით. მისი საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
Article here on the prison break https://t.co/4iVAif7BBK
— Anna Ahronheim (@AAhronheim) September 6, 2021
ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და სამხედროებმა, რომლებიც გაქცეული პატიმრების ძებნაში მონაწილეობენ, ბლოკპოსტები განათავსეს, რათა ძებნილებმა დასავლეთ სანაპიროსა ან იორდანიაში გადასვლა ვერ შეძლონ.
ისრაელის ოფიციოზმა ამ ფაქტს უკვე უწოდა „უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის მთავარი წარუმატებლობა“, ხოლო პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰამასის“ ლიდერების შეფასებით, გაქცეულებმა „გმირობა ჩაიდინეს“.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები