fbpx
საზოგადოება

პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 1-ლი სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში მოქალაქეებს შეუძლიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უფასოდ აიღონ. უწყებაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანია მოქალაქეებმა საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად შეძლონ მონაწილეობა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში პირადობის მოწმობის აღების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

  • საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;
  • ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია(უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ:

  • რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი კორექტულ მისამართზე დარეგისტრირდებიან;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი კორექტულ მისამართზე გაივლიან რეგისტრაციას;
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა კი პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

პირადობის მოწმობის უფასოდ აღების მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close