კრიმინალისაქართველო

კახეთში მომხდარი მკვლელობის გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

კახეთში მომხდარი მკვლელობის გამო ორი პირია დაკავებული. შსს-ს განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნის შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ზ.ზ. ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურია. 16 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული ერთ-ერთი პირი მისი ძმა, ზვიად ზვიადაური იყო.

შსს-ს თანახმად, ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ჯ. ჯ.

შსს-ს მიერ დღეს, 17 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დაიჭრა ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ“.

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.“

სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას ნივთმტკიცებად აქვს დანაშაულის ჩადენის იარაღი – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close