fbpx
საზოგადოება

„სამჯერ შეაგინა ნასვამ სტუმარს და ხელი მიუტანა სახესთან“ – რას ჰყვება დაცვის წევრი, რომელსაც გერმანელი დიჯეი ჰომოფობიაში ადანაშაულებს

ბერლინელი არტისტის, DJ Phase Fatale-ის თქმით 30 ივლისს ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ, თავდაპირველად თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრი მონაწილეობდა, სადაც მას მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.

„პრაიმტაიმი“აღნიშნული ობიექტის დაცვის თანამშრომელს, გიგი შალამბერიძეს ესაუბრა, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა და დეტალურად გაიხსენა 30 ივლისის ინციდენტი.

„ჩვენი მისამართით წამოვიდა მიზანმიმართული ცილისწამება, თითქოს ჩვენ ადამიანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დავესხით.

30 ივლისს ჩვენს ობიექტზე მომხმარებელსა და ბარმენს შორის მოხდა ინციდენტი. როგორც ბარმენმა მითხრა, სტუმარი ფულს არ იხდისო. ის ადამიანი ნასვამი გახლდათ და პირდაპირ არ გამიგდია ობიექტიდან. გავესაუბრე, დავამშვიდე, ბოდიშიც მოიხადა და გარეთ მშვიდად გავაცილე. ზუსტად ამ დროს როცა ნასვამ მამაკაცს ვაცილებდი, მოვარდა გერმანელი არტისტი, რომელიც ასევე ნასვამი გახლდათ.

ქართველ სტუმარს ჰკითხა ინგლისურად, შენ მოგივიდა ბარმენთან უსიამოვნებაო?! ნასვამმა სტუმარმა ვერ გაიგო თავიდან რას ეკითხებოდა. მეორედ გაუმეორა და როცა თანხმობა მიიღო, უცხოელმა არტისტმა სამჯერ შეაგინა ნასვამ სტუმარს და ხელი მიუტანა სახესთან. მაშინვე სხვადასხვა მიმართულებით გავიყვანეთ ორივე. თავიდან უცხოელი სტუმარი გავაცილებინე ბიჭებს ობიექტის გარეთ, დაახლოებით 10 წუთში კი – ქართველი სტუმარი.

როგორც მერე გაირკვა, გარეთ, ჩვენი ობიექტიდან დაახლოებით 300-400 მეტრში იჩხუბეს. ახლაც ვთვლი, რომ რაც მევალებოდა, ის გავაკეთე. სიტუაცია განვმუხტე, კონფლიქტში შესული ადამიანები ერთმანეთს გავარიდე და ჯერ ერთი გავუშვი ობიექტიდან, რამდენიმე წუთში კი – მეორე. ჩვენს ობიექტზე გერმანელზე არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, მით უმეტეს, ჰომოფობიურ ნიადაგზე.

როდესაც გავიგეთ, გარეთ მათ შორის ჩხუბი მოხდა, ისევ გავედით, ორივე კიდევ ერთხელ განვარიდეთ ერთმანეთს და სხვადასხვა მიმართულებით გავაცილეთ. იმ ღამეს, გერმანელმა არტისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო და ინფორმაცია, რომ მას ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ამ ყველაფერში ობიექტის დაცვის თანამშრომელიც ვღებულობდი მონაწილეობას, რაც არის მტკნარი სიცრუე.

გერმანელი არტისტი მეორე დღეს ჩვენს ობიექტზე გახლდათ მოსული და დაუკრა. არტისტებს სადაც სცემენ, მგონი, იქ არ უკრავენ. გუშინ ვიყავი გამოკითხვაზე. სამართალდამცველებს მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც თქვენ მოგიყევით“, – ამბობს გიგი შალამბერიძე.

შეგახსენებთ: არტისტის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მას დაზიანებები ხელის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close