საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: როდოსი ცეცხლშია გახვეული (ვიდეო)

ბოლო ორ დღეში საბერძნეთში 116 ხანძარი გაჩნდა

ბერძნული კუნძული როდოსი ცეცხლშია გახვეული: პირველი კერა კვირას, ნაშუადღევს პანტანასის რაიონში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა სხვა ტერიტორიებზე. ამჟამად საგანგებო სამსახურები ცდილობენ, სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებარონ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მეხანძრეებმა შეძლეს შეეჩერებინათ ხანძრის გავრცელება პეპლების ხეობისკენ – უნიკალური ნაკრძალისკენ, რომელიც კუნძულის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სირაქლემების ფერმის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა: ფერმა, პრაქტიკულად, განადგურდა, თუმცა, საბედნიეროდ, სირაქლემებს საფრთხე არ ემუქრებათ – ისინი სხვა ადგილას გადაიყვანეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პუნქტებს ხანძარი ძალიან ახლო მანძილზე მიუახლოვდა. ამას გარდა, კუნძულზე მყოფი ტურისტების თქმით, რამდენიმე ადგილას ელექტრომომარაგება შეწყდა და შეფერხებაა წყალმომარაგებაშიც. ამის მიზეზი ცეცხლის მიერ ელექტროგადამცემი ხაზებისა და მილსადენების დაზიანება გახდა. მათივე ცნობით, პოპულარული სასტუმროები ხანძრისგან არ დაზარალებულა.

როდოსზე ცეცხლის ჩაქრობაში 3 სახანძრო თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი მონაწილეობს. ათენიდან დამატებითი ძალები გაიგზავნა ცეცხლის ჩასაქრობად, – ნათქვამია საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

მთლიანობაში, ბოლო 2 დღის განმავლობაში საბერძნეთში 116 ხანძარი გაჩნდა, რისი მიზეზიც შესაძლოა ექსტრემალური სიცხე გახდა: ბოლო ორ დღეში ბევრ რაიონში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close