fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალია: ისევ არ მუშაობს აცრაზე დასარეგისტრირებელი პორტალი, რომელზეც ჰაკერული თავდასხმა მოხდა

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთა სარეგისტრაციო პორტალზე გუშინ, პირველ აგვისტოს კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერების თავდასხმის შედეგად პარალიზებული აღმოჩნდა ლაციოს რეგიონის სპეციალური საიტი. ამ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია იტალიის დედაქალაქი რომიც. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა ამ დროისთვის ისევ დაბლოკილია.

ჰაკერული თავდასხმის მიუხედავად ლაციოს რეგიონში ვაქცინაციის კამპანია შეუფერხებლად მიმდინარეობს. 13 აგვისტომდე აცრა დაჯავშნილი აქვს 500 ათასამდე მოქალაქეს, რომლებსაც მითითებულ დროს შეუძლიათ მივიდნენ შესაბამის კაბინეტებში ვაქცინის დოზის მისაღებად.

ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის მრჩევლის, ალესიო დ. ამატოს თქმით, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმების ყველა ღონისძიება სისტემის მუშაობის სრულიად უსაფრთხოდ აღსადგენად.  „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები არ მოუპარავთ“, – განაცხადა მან.

რეგიონის პრეზიდენტმა ნიკოლა ძინგარეტიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „უცნობია თავდასხმის მატრიცა და ამის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს“. ჯერჯერობით არ არის გარკვეული გეოგრაფიული რეგიონიც, თუ საიდან მოხდა ჰაკერების თავდასხმა.

ძინგარეტიმ აღნიშნა, რომ ასეთი ძლიერი კიბერთავდასხმა რეგიონზე აქამდე არასდროს განხორციელებულა. მისივე თქმით, ჰაკერული თავდასხმა გრძელდება – ღამით კიდევ ერთი შეტევა იყო, რომელიც მოიგერიეს და მას რაიმე დაზიანება არ მოჰყოლია.

მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიბერმეკობრეებმა სისტემის აღდგენისთვის გამოსასყიდი მოითხოვეს.

ძინგარეტის თქმით, შეუფერხებლად მუშაობს 112-ის და 118-ის სატელეფონო ხაზები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტალის მუშაობის აღდგენასთან ერთად მისი დაცვის მაქსიმალურად გასაძლიერებლად სათანადო ზომებს მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან იტალიაში რესტორნების და კაფეების დახურულ სივრცეებსა და მუზეუმებში ყოფნისა და ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვაქცინაციის, ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება. ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ნაწილი ეწინააღმდეგება. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close