საჭიროა თუ არა ვაქცინის მესამე დოზა? – „ფაიზერი“ აცხადებს, რომ მესამე დოზა 5-10-ჯერ ზრდის ანტისხეულების დონეს
კომპანიებმა – Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ უახლოეს კვირებში მიმართავენ წამლის მარეგულირებელ ორგანოებს – მათ შორის, FDA-ს აშშ-ში და EMA-ს ევროკავშირში – თხოვნით, დაუშვან მათ მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღება.
მათი თქმით, კლინიკური ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ „ფაიზერის“ მესამე ინიექცია, პირველ 2 დოზასთან შედარებით, 5-10-ჯერ ზრდის ანტისხეულების დონეს კორონავირუსის თავდაპირველი (უჰანური) ვარიანტისა და ბეტა (სამხრეთამერიკული) ვარიანტის მიმართ.
ფარმაცევტული კომპანიები აპირებენ, ახლო მომავალში უფრო ზუსტი მონაცემები გამოაქვეყნონ.
„ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ აშშ-ის დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრებმა და წამლის რეგულირების სააგენტომ განაცხადეს, რომ ამერიკელებს, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, არ სჭირდებათ მესამე დოზა, მიუხედავად კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებისა.
„სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს არ სჭირდებათ ბუსტერული დოზა“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ამის შესახებ Npr თავის საიტზე იუწყება.
რაც შეეხება ევროკავშირს: ევროკომისიამ განაცხადა, რომ იმოქმედებს მეცნიერებისა და წამლის ევროპული სააგენტოს რჩევების მიხედვით, მათ შორის, დამატებითი ბუსტერული დოზების აუცილებლობასთან დაკავშირებითაც – ასეთი კომენტარი გააკეთა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მოცემულ მომენტში „ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის მტკიცება, საჭირო გახდება თუ არა ოდესმე Covid-19-ის ვაქცინის ბუსტერული დოზა, რადგან ჯერჯერობით იმუნიზაციის კამპანიისა და მიმდინარე კვლევების მონაცემები არასაკმარისია იმის გასაგებად, რამდენად ხანგრძლივად შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად დაცვა“, – ასეთია EMA-ს რეაქცია, თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ „განიხილავენ მონაცემებს, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება“, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის პროცედურა „რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს“.
„პირველი კვლევები აჩვენებს, რომ უკვე დამტკიცებული 4 ვაქცინით აცრის სრული ციკლის შედეგად ნარჩუნდება დაცვა კორონავირუსის ყველა იმ ვარიანტის მიმართ, რომლებიც უფრო სახიფათოდ ითვლებიან, ამასთან, ეფექტიანობა, რომელიც პირველი დოზის შემდეგ აშკარა იყო, მცირდება“, – ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა (ISS) დღეს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ბერძენი პულმონოლოგის, პროფესორ თეოდოროს ვასილაკოპულოსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იცავს ადამიანებს. შესაბამისად, სექტემბერში მესამე დოზის გაკეთება საჭირო არ იქნება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები